წილკანი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:37, 17 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წილკანი – ისტორიული სოფელია ქართლში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი ერედა). გაშენებულია მუხრანის ვრცელ ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვ, შენაკადი) ნაპირას.

წილკანი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელია. მართალია, იგი დოკუმენტობრივ X საუკუნიდან მოიხსენიება („ქართლის ცხოვრების“ შატბერდული ნუსხა), მაგრამ ჩვენი მემატიანეების მიერ წილკანი ნახსენებია IV-V საუკუნეების ქრისტიანულ-საგანმანათლებლო ამბებთან დაკავშირებით. ლეონტი მროველის ცნობით წილკნის ეკლესია აუგია მეფე ბაქარს, მირიან ქართველთა მეფის ძეს „მოქცევაი ქართლისა“ წილკნის ეკლესიის ამგებად ბაკურ რევის ძეს ასახელებს“.

ბაქარ მირიან მეფის ძის მიერ აგებული ტაძარი მალე იქცა საეპისკოპოსო კათედრალურ ცენტრად. V საუკუნის II ნახევრიდან წილკნის საეპისკოპოსო ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ საეკლესიო ცენტრად იყო აღიარებული. იშვიათია სახელწოდება, რომლის წარმოშობის შესახებაც სპეციალისტებს ამდენი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი, თვალსაზრისი გამოეთქვათ. ნ. მარი, მაგალითად, თვლიდა. რომ წილკანი წარმომდგარი იყო წილ (–ჭილ-) სატომო სახელისაგან, თუმცა ასეთი ტომის არსებობა საქართველოში უცნობია. მკვლევარი ასევე არაფერს ამბობდა მეორე ფუძის -კან-ის რაობის შესახებ. ნ. მარის ამ თვალსაზრისმა სპეციალისტთა მხარდაჭერა, ბუნებრივია, ვერ პოვა და იგი ჰიპოთეტურ ვარაუდად დარჩა.

ქართველ ტოპონიმიკოსთა და ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტთა შორის დღეს საკმაოდ პოპულარულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც წილკანი წარმომდგარი ყოფილა წინკარი-საგან. ოღონდ უნდა შევნიშნოთ, რომ უძველეს ქართულ საისტორიო თუ ეკონომიკურ ძეგლებში წილკანი წინკარად არსად დადასტურებული არ არის, ყველგან წილკანი და მისგან წარმომდგარი ფორმები (წილკნელი, წილკნის, წილკანის…) გვხვდება. ამიტომ ალბათ გაჭირდება წილკნის წინკარისაგან მომდინარეობის ვერსიის გაზიარება. თანაც საკითხავია, თუ მართლაც არსებობდა შინაარსობრივად სრულიად ნათელი წინ-კარი, რატომღა წარმოიქმნებოდა მისგან შინაარსობრივად ბუნდოვანი და გაუცნობიერებელი ტოპონიმი წილკანი? სხვა საქმეა როცა რომელიმე ტერმინი ახალ სოციალურ გარემოში კარგავს თავის ძველ შინაარსს, რის გამოც ფონეტიკური ცვლილების ობიექტი ხდება და აზრობრივად დაბნელებულ ტოპონიმთა წყებაში ხვდება (ამის მაგალითად ჟინვალის ან ქრცხილვან-|| ცხინვალის დასახელებაც იკმარებდა).

თუ წილკანი მართლაც მეორეული წარმონაქმნია, მაშინ იგი სავარაუდო წირ-კარი-საგან უნდა მომდინარეობდეს და არა წინკარისაგან. ამას ერთი საკმაოდ ანგარიშგასაწევი გარემოება გვაფიქრებინებს: წირ-ი იგივე წერ-ი („ნავთობის ერთგვარი შავი მინერალური გამონადენი“) აქაურ ტოპონიმიაში წერ-ოვან-სა და წერ-ონის-ში არის დადასტურებული. საგულისხმოდ გვეჩვენება ის ფაქტიც, რომ ახალციხის რაიონში არის სოფელი წირა, რომელიც იმავე წირ სიტყვას უნდა შეიცავდეს. დღევანდელი წილკანი ანუ ძველი წირ-კარ-ი („წირ-ოვან-ი ადგილი") იმავე გეოგრაფიულ ზოლში მდებარეობს, რომელსაც წეროვანი და წერონისი შემოსაზღვრავენ. მაშასადამე, სამივე ეს სახელი ამ არეალში ნავთობის მცირე დებიტის გამონადენის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს და არა რაღაცის წინკარობაზე (რასაც წილკნის გეოგრაფიული მდებარეობა არაფრით არ ამართლებს): გაურკვეველი რჩება, რისი წინ-კარი უნდა ყოფილიყო მუხრანის დაბლობზე გაშენებული ეს უძველესი სოფელი?

თანაც გასათვალისწინებელია, რომ მსაზღვრელი წინა(წინ) ტოპონიმებში ჩვეულებრივ არ იცვლება (შდრ. წინარეხი, წინუბანი, წინვენახი, წინზახორი, წინასაგარეჯო, წინწყარო და სხვ.), რაც შეეხება ვარაუდს წილკნის წირ-კარი-საგან მომდინარეობის შესახებ, მას შეიძლება მეტი ანგარიში გაეწიოს, რამდენადაც, როგორც უკვე ვთქვით, იძებნება სახელწოდების წარმოქმნის რეალური საფუძველი (ამ რეგიონში წერის ანუ იმავე წირის მინერალის არსებობა) და ენობრივი (ფონეტიკური) ცვლის კანონზომიერებაც: წირ-კარ-ი → წილ-კარ-ი → წილკან-ი.

აქვე დავძენთ, რომ ჩვენს მოსაზრებას არა აქვს საბოლოო ვარაუდის პრეტენზია. იგი, შესაძლებელია, ანგარიშგასაწევი აღმოჩნდეს მომავალი კვლევა-ძიების დროს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები