ჭავჭავაძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:34, 18 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭავჭავაძე ილია − (1837 - 1907), მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ყვარელში. 1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში; 1852 წლიდან − თბილისის გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი − პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მომზადებისა და მწერლის ფორმირების სრულყოფისათვის. ამ წლებშივე დაიწერა ილია ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული ნაწარმოებები, როგორიცაა: „აჩრდილი” (1859), „ქართვლის დედა” (1860), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ” (1860), „მუშა”, „ელეგია” და სხვა. ამავე პერიოდს ეხება მისი მხატვრული პროზის ნიმუშები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“.

ილია ჭავჭავაძე ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც, მის მიერ თარგმნილია სკოტის, შილერის, ბაირონის, პუშკინის, ლერმონტოვის და სხვების პოეზია, აგრეთვე პროზაული და დრამატურგიული ნაწარმოებები და მათ შორის − შექსპირის „მეფე ლირი” (ივანე მაჩაბელთან ერთად).


ელეგია
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები