ხანჭკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხანჭკოლა - Lupinus albus L.

ხანჭკოლა - (Lupinus albus L.). პარკოსანთა გვარის მცენარე ხანჭკოლა საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო) „ხანჭკოლას“, „ხანჭკვალას“, „ხანჭიკოლის“ სახელწოდებებით არის ცნობილი (ერისთავი, 1884).

სულხან-საბა ორბელიანის (1949) და ა. მაყაშვილის (1949) ლექსიკონში ხანჭკოლა განმარტებულია, როგორც „ხანჭკალა“, „ლოპინარი“, „თერმია“, „თერმისი“, თერმუზი“ და სხვ. მცენარის სახელწოდება „ხანჭკოლა“ ორი მეგრული სიტყვისაგან არის შემდგარი „ხაჯი“ – ცერცვი და „კოლა“– მწარე.

ლ. ბერიაშვილი (2001) ერთ-ერთ ქართულ წყაროზე – „უსწორო კარაბადინზე“ დაყრდნობით აღნიშნავს, რომ X-XI საუკუნეებში ხანჭკოლა, როგორც სამკურნალო საშუალება, ცნობილი იყო „თურმიზი“ // „თირმიზი“ // „თირმისის“ სახელწოდებით. ხანჭკოლა მოხსენებულია წერილობით ძეგლებში („წიგნი სააქიმოჲ“, XIII ს; „იადიგარ დაუდი“, XVI ს.).

1852 წ. დავით დადიანის მიერ შედგენილ „უსტარში“ აღნიშნულია, რომ სამეგრელოში ხანჭკოლას თესავენ და მოსავალს ყიდიან იმერეთში, რაჭასა და გურიაში (მეუნარგია, 1939).

ივ. ჯავახიშვილის (1986) მონაცემებით, ხანჭკოლის მოყვანას უმთავრესად გურიაში მისდევდნენ. გარდა გურიისა, ძველად ხანჭკოლას სამეგრელოსა და რაჭაშიც თესავდნენ, ხმარობდნენ საჭმელად.

საქართველოში ერთწლოვანი კულტურული ხანჭკოლის სამი სახეობა იყო გავრცელებული:

  • ჭრელთესლიანი ხანჭკოლა – Lupinus angustifoliusL,
  • ყვითელთესლიანი ხანჭკოლა – L. luteusL და
  • თეთრთესლიანი ხანჭკოლა – L. albusL.

თეთრთესლიანი ხანჭკოლა კოლხეთის დაბლობში ერთ-ერთი უძველესი მცენარეა. ხანჭკოლის ყველა სახეობა სინათლისა და სითბოს მოყვარულია.

გურია, ბახმარო

ლ. დეკაპრელევიჩის (Декапрелевич, 1926) მონაცემებით, თეთრ ხანჭკოლას გურიაში თესავდნენ შემოდგომაზე, ენკენისთვის (სექტემბერი) დამდეგს. მაისის დამლევს ან ივნისის დამდეგს ეს კულტურა უკვე შემოსულია.

კოლხეთის ტრადიციულ მეურნეობაში ხანჭკოლა გამოიყენებოდა თესლბრუნვაში ნიადაგის გასანოყიერებლად. როგორც პარკოსანი მცენარე, საუკეთესო წინამორბედად ითვლებოდა სხვა კულტურებისათვის. იყენებდნენ ადამიანისა და საქონლის საკვებად

ხანჭკოლის მაღალი კვებითი ღირებულება განპირობებულია მის თესლსა და მწვანე მასაში ცილის მაღალი (30-50% და 20-50%) შემცველობით.

უხუცესთა გადმოცემით, სამეგრელოსა და გურიაში საჭმელად გამოიყენებოდა ხანჭკოლის მოხარშული მარცვალი. იმის გამო, რომ ხანჭკოლა სიმწარეს მოხარშვისას არ კარგავს, თესლს დაახლოებით ერთი დღე-ღამე წყალში ალბობდნენ და გამდინარე წყალში რეცხავდნენ; მარცვალს დაწნულ ჭურჭელში (კალათა, გიდელი) ათავსებდნენ და გამდინარე წყალში ტოვებდნენ. ამ პროცესს გურიაში უწოდებდნენ „დაპწნილებას“, სამეგრელოში – „დაჭორაფებას“, „მოჭორუას“.

უხუცესთა მონაცემებით, „...გურიაში ითესებოდა ხანჭკოლა. მას თესავდნენ მიწის გასანოყიერებლად, როცა მიწა გამოიფიტებოდა დათესავდნენ ხანჭკოლას. ზოგჯერ მარცვლებს მოხარშავდნენ, გამდინარე წყალში გამოანელებდნენ და მიირთმევდნენ“ (ოზურგეთი, სოფ. შემოქმედი, მთხრ. ვ. გოლიაძე, 2014 წ).

მცენარე თერმისი, რომელსაც დღეს ხანჭკოლასაც უწოდებენ, შეიცავს შხამიან ალკალოიდებს – ლუპანინს, ლუპინინს და სპარტეინს. ძველ ქართულ მედიცინაში იგი იხმარებოდა, როგორც გარეგანი საშუალება და შედიოდა ე.წ. ყვითელი მალამოს შემადგენლობაში, რომელიც ძველი ექიმების მიერ მოწონებული იყო. ეს მალამო იხმარებოდა ჭრილობების და მუწუკების სამკურნალოდ (წუწუნავა, 1959).

ხანჭკოლას იყენებდნენ სამკურნალოდ წელკავისა, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ჭიების, მუნისა და კანის სხვა დაავადებების წინააღმდეგ (მაისაია და სხვ., 2005; მაისაია, 2013).

ამჟამად ეს კულტურა საქართველოში იშვიათია.


წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები