ხარაგაული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხარაგაული

ხარაგაული, ხარაგოული – დაბა საქართველოში, იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ხარაგაული მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე, ვიწრო და ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 280―400 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 198 კილომეტრით.

ადგილობრივთა მეტყველებაში უპირატესად ხარაგოული დასტურდება, თუმცა ხარაგაულიც ხშირად ისმის: „ამას სააბაშიო ქვია ფონამდი. წიფის სერზე რო ახვალ, იწყება სააბაშიო, ხარაგაულს ქვეით არ ჩადის“. „სააბაშიოს უძახიან ხარაგოულ ზევითა“.

აშკარაა, რომ ტოპონიმი ხარაგაული (ხარაგოული) კუთვნილების აღმნიშვნელი -ა-ულ-||-ო-ურ- სუფიქსით არის გაფორმებული (ა-ულ-||-ო-ულ- სუფიქსი დისიმილაციის შედეგია). მაშასადამე, ხარაგაული||ხარაგოული ისეთივე გაფორმების ტოპონიმი ყოფილა, როგორიცაა: ბერძენაული, ბარათაული, არსენაული, როდინაული, და მისთ.

უთუოდ ამ ფაქტმა უბიძგა ზოგ მკვლევარს საიმისოდ, რომ ხარაგოული ანთროპონიმული წარმოშობის ტოპონიმად ეცნო და იგი ხარაძის გვართან დაეკავშირებინა: ხარაძეული.

ვფიქრობთ, ტოპონიმი ხარაგაული უნდა მომდინარეობდეს გვარისაგან ხარაბაძე. მაშასადამე, ხარაგაული თავდაპირველად ხარაბაულის ფორმით უნდა გვქონოდა. საინტერესოა, რომ სოფლის სახელად ხარაბაული მართლაც დასტურდება ქვემო იმერეთში, ხონის რაიონის დედალაურის სას. საბჭოში. ტერმინი ხარაბა, საიდანაც გვარი ხარაბაძეა წარმომდგარი, საკმაოდ გავრცელებული ყოფილა XVII-XVIII საუკუნეების დროინდელ საქართველოში. იგი ნიშნავდა უპატრონოდ, უმეთვალყუროდ მიტოვებულ ბეითალმან ადამიანს, აგრეთვე სოფელს, მამულს, ვენახს და ა.შ. XVIII ს-ის დასასრულის ერთ-ერთ არზაში ვინმე ზაალ დავითიშვილი ერეკლე მეფეს სთხოვს მოაგვაროს ნათესავებს შორის ატეხილი დავა „ხარაბა სოფლის“ გამო: „ბატონის გასამკრელოთ სომხითში სოფელი გვქონდა, ის მივართვით. ბატონმა ის ხარაბა სოფელი აღარ ინება“. „შენ ჩემი ვენახები სულ გადაგიხარაბავებია და დაქცეულებს მაძლევ“. „ერთი კოშკი ამიშენებია, ფეხი მამიკიდნია და ახლა ნუღარ გამახარაბებინებ… ღმერთი გაგიმარჯვებს, ერთი ბეჯითი ოქმი გვიბოძეთ, რო.. ხელმიორეთ აღარა გახარაბავდეს“. „როცა მეფე ერეკლე სოფელ ნავთლუღში ციხე-გალავანს აგებდა, იგი გახარაბებული, გაპარტახებული სოფელი ყოფილა მაგალითების მოყვანა კიდევ არაერთის შეიძლება. ხარაბა სიტყვა ჯავახურ დიალექტში დღესაც ძველი შინაარსით იხმარება. იგი ნიშნავს: ნანგრევებად ქცეული ადგილი; ნასოფლარი. როგორც ვხედავთ, გვარი ხარაბა(ს)-ძე სოციალური შინაარსის („უპატრონო, უმეთვალყუროდ მიტოვებული ადამიანი”) შემცველი ერთეული ყოფილა.

ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერაში“ ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი ხარაგეულ-ად არის მოხსენიებული: „ვარძიის -ჴევს ზეით, ძირეულაზედ არს ხარაგეულს ციხე“, მაგრამ ეს ფაქტი ვითარებას არ ცვლის – ძირად აქაც ხარაგ- გამოდის. მაშასადამე, ხარაგაული უნდა გავიაზროთ, როგორც „ხარაბა (პარტახი) სოფელი“ ან: „ხარაბაძისეული“ „ნარაბ(ას)ოული“. ინტერესს არ არის მოკლებული ის ფაქტი, რომ ზემო იმერეთის სოფ, ზვარესთან გამოვლენილია ნასოფლარი, რომელსაც ხარაგაული ეწოდება, ხოლო მეზობელ სოფელ კვალითში (ხესტაფ. რ.) არის ტყე, მამული, სახელად ხარაბაშვილისოული. მაშასადამე ხარაგაულის ხარაბა სიტყვასთან დაკავშირება დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები