ხრესილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:37, 13 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხრესილი – სოფელი საქართველოში, ზემო იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი, შედის სოფლები: ახალდაბა, ბუეთი, გადაღმა წყალწითელა. გადმოღმა წყალწითელა, ივანეული, ლეღვა და ძუყნური. გაშენებულია მდინარეების წყალწითელისა და ჭალის ხეობაში. სოფ. ლეღვას გოგირდოვანი მინერალური წყლების ბაზაზე ხრესილში საფუძველი ჩაეყარა აღდგენითი მკურნალობის მცირე სტაციონარულ საავადმყოფოს.

სოფელი ხრესილი ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. ესაა „შეწირულების წიგნი კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძისა ბიჭვინტისადმი“, რომელიც 1696-1742 წლებს შორისაა შექმნილი. აქ, კერძოდ, ნათქვამია: „ბიჭქვინტისა ღმრთისმშობელო, ჩვენ ცვა-ფარვათა თქუენთა მინდობილმა და შეწევნისა შენისა მსასოებელმან და მოსავმან სიწმინდისა თქუენისამან ჩრდილოეთისა და აფხაზეთისა კათალიკოზმან… გკადრეთ და მოგიძღვენით მცირე ესე შესაწირავი რაჭას ბარისთავს ვარდის გორა ჴბო-სასახლე… ოკრიბას. საწირეს – კუპლაშვილები გაძვერიასშვილი ჟოჟუა და დათუა… ხრესილზედ – ობოლაძენი, თავს მათირისშვილები ხოსია და ივანა, ერთი შამახური სანთელი“.

საქართველოს ისტორიაში კარგად არის ცნობილი ხრესილის 1757 წლის 14 დეკემბრის ბრძოლა თურქთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ, რომელიც ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა მეფე სოლომონ I-ის ხელმძღვანელობით.“ ეს ბრძოლა გაიმართა ხრესილის ახლოს მდებარე გრცელ ველზე, ადგილ „თათროულთან“, რომლის სახელშიც შემონახული ჩანს ამ ისტორიული ფაქტის რეალიები. სოლომონ I-ის ქება არის გადმოცემული ერთ ხალხურ ლექსში:

„მეფე სოლომონს აქებენ
ხელმწითეში გვარიანსა
ხრესილზე ჩამამჯდარიყო,
ხმალს ილესდა ღარიანსა… “

რაც შეეხება თვით სახელწოდება ხრესილს, იგი მიმღეობური შინაარსის ერთეულია. ნიშნავს: „ჩამოშვავებული ადგილი მთაზე“, იგივე ხრეწილი „ნიაღვრებისაგან ჩამორეცხილი ადგილი კლდეზე (სინონ. დღოწი). ხრესილი ქართული ენის დიალექტებში სხვადასხა ფორმით არის წარმოდგენილი: დღლეზილი, ხრიანწო, შვავი, ჩამონაცური, ფხნეკი, ღრიანტელი, ნამზღვლევი… ხრესილი იმერული დიალექტის კუთვნილება ჩანს. ადგილთა სახელებად ხრესილი ზემო იმერეთის მიკროტოპონიმიაში ათეულობით არის დადასტურებული: ხრესილები – ფერდობია სოფ. ზედაჭალოვანში (ჭიათურის რ.), ხლესილი – კლდე სოფ. დურევსა და სოფ. ცხომარეთში (საჩხერის რ.); ქვიშრობი ადგილი სოფ. ქორეთში (საჩხერის რ.); სახნავ-სათესი სოფ. გედსამანიაში (ხარაგაულის რ.); ხრესილისთავ-ი – ტყე და საძოვარი მინდვრები სოფ. დურევში (საჩხერის რ.); ხრესილის ღელე – ღელე-მდინარე სოფ. ზედაჭალოვანში (ჭიათურის რ); ხრესილის ძირ-ი – ადგილია სოფ. დურევში (საჩხერის რ.) და სხვ. მრ. ყველა ობიექტი, რომელსაც ხრესილი (||ხრესილები) ეწოდება, არის ჩამონაშვავი, ჩამონაქცევი, დღოწი ადგილი. სწორედ ამნაირი ნიშნებით ხასიათდება ხაშურის რ-ში არსებული ერთ-ერთი მთა (თრიალეთის ქედის განშტოება), რომელსაც ხრესილა ეწოდება. ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელია იმერული კილოს გავლენა.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები