ჯაჭვი (ნასოფლარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯაჭვი – ასეთი, ერთი შეხედვით უცნაური, სახელწოდების, სოფელი არსებობდა ძველ ქართლში, გლდან-საგურამოში შემავალ ტერიტორიაზე, დღევანდელი ავჭალის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს. ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერაში“ სოფელი ჯაჭვი სწორედ ავჭალის სოფელთა შორის არის ნაჩვენები ლელუბან-ტუტალასა და ფოსო-ჯვარ-წიწამურს შორის. იოანე ბატონიშვილის მიხედვით ყველა ეს სოფელი „კახეთს მიეწერება“; „ქ. კახეთს რაც სოფლები მიეწერება, ჩრდილოეთის კერძო რომელიც მდებარეობს, გრდანისა და საგურამოს ხეობისა, არიან, შემდგომნი ესე სამეფო, სათავადო, სააზნაურო და საეკლესიო სოფლები და ადგილნი: ქ. გრდანი, ქ. ავჭალა, ქ. მანკოდა, ქ. ტუტალა, ქ. ჯაჭვი, ქ .ფოსო, ქ ჯვარი, ქ. საგურამოს ციხე, ქ წიწამური“…

ხალხი მშობლიურ სოფლებს სახელებს გარკვეული მოტივაციით არქმევს. მათში აუცილებლად მინიშნებულია ობიექტის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება (ორწყალი, სამგორი, ხიდისთავი, რუისპირი, ქვახვრელი, ტაბახმელა…); წინავითარება (ნასაკირალი, ნასპარსევი, ნადარბაზევი, ნაქალაქარი…); ობიექტის ოდინდელი კუთვნილება (ანასეული, პატარძეული, ფარსმან-ნაყანევი (– ფარცხანაყანევი), სილაური, ივანეული, ჩოხატაური, საგურამო, სამაჩაბლო…); სხვა ობიექტთაგან განმასხვავებელი სპეციფიკა (ოქროყანა ხეკორძი, ხრესილი, თავკვეთილი...) და მისთ. ამ შემთხვევაში კი სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე – სოფლისათვის შეურქმევიათ გაუფორმებელი საზოგადო არსებითი სახელი ჯაჭვი. ეს არაა ჯაჭვ-ეთ-ი, სა-ჯაჭვ-ე, ნა-ჯაჭვ-არ-ი… რომ მათგან მსმენელმა რაიმე წარმოსახვითი ინფორმაცია მიიღოს. თავისთავად ტერმინი ჯაჭვი, გამოყენებული სოფლის სახელად, თითქოს არაფრისმთქმელი, „მუნჯი“ სახელწოდებაა. მაგრამ ირკვევა, რომ ტოპონიმი ჯაჭვი საკმაოდ ფართო ინფორმაციის შემცველი ერთეული ყოფილა. საქმე ისაა, რომ ძველ საქართველოში მიწის მხვნელ-მთესველები სახნავი თუ სათიბ-საძოვარი მამულების ასაზომ საშუალებად იყენებდა ჯაჭვს. შიდა ქართლში, მაგალითად „ათი ჯაჭვი მიწა“ ერთი ქცევა იყო. „ერთი ქცევის გატანა“ კვალის (თიბვა, ხვნა…) ერთი თავიდან მეორე თავამდე დასრულებას ნიშნავდა და ახლაც ნიშნავს. მიწის საზომ ერთეულად გლეხობა, როგორც ირკვევა, ძირითადად თოკს ხმარობდა, თუმცა გამოვლენილია სიგრძის საზომად ტერმინ „ჯაჭვის“ გამოყენების შემთხვევებიც. გარეკახეთის ზოგიერთ სოფელში ქართველ ეთნოგრაფთა მიერ გამოვლენილია საზომ ერთეულად სიტყვა „ჯაჭვის“ ხმარების ცალკეული ფაქტები. „ორმოცდაათი ჯაჭვი" მიწა ხუთ ქცევას აღნიშნავდა; ამდენი და ამდენი გადება ჯაჭვისა (ან უღლისა) შესაბამისი ზომის ფართობს გულისხმობდა. მემინდვრეობაში საზომ საშუალებად გამოყენებული ტერმინი „ჯაჭვი“ შემდგომ საფუძვლად დასდებია სოფლის სახელს. მაშასადამე, სოფელი ჯაჭვი გაშენებულია იმ მამულებში, რომლებსაც ძველად ჯაჭვით ზომავდნენ; „ამდენ და ამდენ ჯაჭვ მამულზე გაშენებული სოფელი“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები