ჯოლხეეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯოლხეეთი – სოფელი საქართველოში, ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ვაჭევის თემი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე მდინარე ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) თვალწარმტაც ხეობაში. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ჭიათურიდან 17 კმ.

ტოპონიმი ჯოლხეეთი გაფორმებულია გეოგრაფიული -ეთ- სუფიქსით, რომელიც უპირატესად სატომო (ეთნიკური) და გვაროვნული ფუძეებისაგან წარმომდგარ ტოპონიმებში იჩენს თავს (იმერ-ეთ-ი, კახ-ეთ-ი, მესხ-ეთ-ი, აფხაზ-ეთ-ი…).

თუ სახელწოდება ჯოლხეეთ-ს მაწარმოებელ -ეთ- სუფიქსს ჩამოვაცილებთ, ფუძედ დაგვრჩება ჯოლხე, რომელიც ჩვენ ზანური (მეგრული) წარმომავლობის გვარად, უფრო სწორად, სამეგრელოდან იმერეთში გამოთხოვილი ქალის გვარსახელად, გვესახება. ძველად ქალს, ჩვეულებრივ, მამისახელობით მოიხსენიებდნენ. ეს ზედწოდება ზუსტად აღნიშნავდა მამისეულ ოჯახს, საიდანაც ესა თუ ის ქალი (რძალი) იყო წამოსული. ამის მიხედვით ბარამიხე, , გალდავახე,, გაგუახე, ლომთათიხე, ჩაგუნავახე, სარიხე… ნიშნავდა იმას, რომ ოჯახში შემოსული რძალი გამოთხოვილი იყო ბარამიას (ბარამიძის), გალდავას, გაგუას, ლომთათიძის, ჩაგუნავას, სარიშვილის… ოჯახებიდან. მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ ჯოლხე ანუ ჯოლიხე ჯოლიას გვარიდან გამოთხოვილი ქალის აღსანიშნავი ზეწოდება ყოფილა. როგორც ჩანს ჯოლიხე (ჯოლიას ქალი) დროთა განმავლობაში ისეთი პოპულარული და ცნობილი ზედწოდება გამხდარა, რომ მისი მიხედვით უბნის, სოფლის სახელწოდებაც კი წარმოქმნილა (შდრ. ანასეული, თამარაშენი||თამარნაშენი, თინიკაანი…). ჯოლიხე („ჯოლიას ქალი“) რომ სამეგრელოში ცალკე გვარადაც არსებობდა, ამაზე ნათლად მეტყველებს სოფლის სახელწოდება ლეჯოლიხე (წალენჯიხის რ.). როგორც სპეციალურ ლიტერატურაში არის შენიშნული, ლე- თავსართი ჩვეულებრივი გვაროვნული კრებითობა-სიმრავლის აღმნიშვნელი დეტერმინანტია მეგრულ, აგრეთვე, სვანურ ონომასტიკაში; ლე-ბაჩილე, ლე-სი-ჭინე… აქედან გამომდინარე, ლე-ჯოლიხე უნდა გავიაზროთ როგორც „ჯოლიხეების სოფელი“, „სოფელი, რომელშიც ცხოვრობენ (ან ცხოვრობდნენ) ჯოლიხეს გვარის ოჯახები.) რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმ ჯოლხეეთს, ისიც, როგორც ვთქვით, იმავე ჯოლიხე- გვაროვნული ფუძისაგან არის წარმოქმნილი, ოღონდ მას, ლე-ჯოლიხე-საგან განსხვავებით, -ეთ- სუფიქსი აქვს დართული. ორივე შემთხვევაში ამ გრამატიკულ ელემენტებს (ლე- პრეფიქსსა და -ეთ- სუფიქსს) ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ დაკისრებული; ესაა ჯოლიხეების გვარის წარმომადგენელთა ერთად მყოფობისა და სიმრავლის აღნიშვნა.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები