შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
კონსტანტინე მოდებაძე![]()
ბიოგრაფიაკონსტანტინე მოდებაძე დაიბადა 1879 წელს ზესტაფონში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და იმავე წელს შევიდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შემდეგ გაემგზავრა შვეიცარიაში და სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს ქიმიის განხრით. ასევე, სწავლობდა საფრანგეთში, გრენობლის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ქიმიის დოქტორის ხარისხი. 1907 წლიდან ბრუნდება საქართველოში და მალევე მიემგზავრება ქ. როსტოვში, სადაც მუშაობას იწყებს ქვანახშირის მრეწველობის საზოგადოების ლაბორატორიაში. 1911 წელს კონსტანტინე მოდებაძე კვლავ ბრუნდება საქართველოში და ინიშნება საქარის სანერგეში ქიმიკოს–მეღვინედ, სადაც, კვლევითი მუშაობის პარალელურად, საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა. იგი თანამშრომლობდა ქუთაისის "სასოფლო გაზეთთან", რომელშიც აქვეყნებდა წერილებს ყურძნის გადამუშავებისა და ღვინის დაყენების შესახებ. სვირის, თერჯოლისა და საზანოს სოფლებში ადგილობრივ გლეხობას ქართულ ენაზე ესაუბრებოდა მეღვინეობა–მევენახეობის საკითხებზე. ადგილობრივ ორგანოებს არ მოსწონდათ მოდებაძის მუშაობა და 1915 წელს სამუშაოდან გაათავისუფლეს. მან მიმართა მევენახეობა–მეღვინეობის კომიტეტს, სადაც მუშაობდნენ ივანე ანდრონიკაშვილი, სოლომონ და დიმიტრი ჩოლოყაშვილები და იგი ამ კომიტეტის მეღვინეობის ლაბორატორიის გამგედ დაინიშნა. 1919 წელს ინიშნება საქარის სანერგის გამგედ, სადაც დაჰყო 1924 წლამდე, ვიდრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვევდნენ. 1928 წელს ინიშნება დოცენტად და მეღვინეობის კათედრის გამგედ. 1930 წლიდან 1943 წლამდე იყო მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტის, ხოლო 1943 წლიდან 1946 წლამდე ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანად. ბატონი კონსტანტინე 26 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეღვინეობის კურსს სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრონომიულ ფაკულტეტზე და სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტებზე. 1930 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება, ხოლო 1938 წელს – სოფლის მეურნეობის დოქტორის ხარისხი. კ. მოდებაძის კალამს ეკუთვნის 33 სამეცნიერო შრომა და 4 სახელმძღვანელო. 1943 წელს მას მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მეღვინის წოდება. 1950 წელს ბატონი კონსტანტინე გარდაიცვალა. წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 230 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |