2012 წელს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის შენობა. არალეგალური სტამბა 1903 წლიდან ორი წლის განმავლობაში კასპის ქუჩაზე ერთსართულიანი სახლის სარდაფში იყო გამართული.
არსებობდა შენობის ორი გეგმა: ერთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის სახით, რომელიც დასამტკიცებლად წარადგინეს ქალაქის მმართველობაში, ხოლო იმავე სახლის მეორე გეგმას - ფარული სარდაფითა და საიდუმლო ჩასასვლელებით დახაზულს, რევოლუციონერები ინახავდნენ სტამბაში არსებობდა ლადო კეცხოველის მიერ ბაქოდან გამოგზავნილი სწრაფმბეჭდავი მანქანა, რომელიც ნაწილ-ნაწილ ჩაიტანეს სარდაფში და იქ ააწყვეს, ხოლო შრიფტებს მუშები სხვა ლეგალური სტამბებიდან აწვდიდნენ. სტამბაში იბეჭდებოდა არალეგალური გაზეთები, წიგნები, ბროშურები და პროკლამაციები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე.
კედლის ქვეშ ოსტატურადაა დამალული ზარის ღილაკი. ერთი ზარი ნიშნავდა - შეწყვიტეთ მუშაობა! ორი ზარი - საშიში აღარაფერია, განაგრძეთ მუშაობა! სამი ზარი კი აუწყებდა: ამობრძანდით ზემოთ, სადილი მზად არის!
1906 წლის 15 აპრილს სტამბამ არსებობა შეწყვიტა, რადგან ჟანდარმები თავს დაესხნენ, სახლი გადაწვეს და საიდუმლო სტამბა ააფეთქეს. 1937 წელს სტამბა თავდაპირველი სახით აღადგინეს.



