დასჯილი წიგნი
 12/10/2012

ქართული წიგნის ისტორიაში ცნობილია ბევრი ისეთი გამოცემა, რომელიც, შეიძლება, არ გამოირჩეოდეს მაღალი პოლიგრაფიული დონით ან სიძველით, მაგრამ მაინც საინტერესოა თავისი განსაკუთრებული ბედის გამო. მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ასეთი წიგნი. ეს არის ბიბლიოგრაფ გიორგი ბაქრაძის მიერ შედგენილი ”ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია. 1819-1945”. წიგნის შემდგენელმა, ნამდვილმა პროფესიონალმა და კეთილსინდისიერმა ბიბლიოგრაფმა, სრულად აღწერა 1819-დან 1945 წლამდე გამოსული ქართული ჟურნალ-გაზეთები. გამოცემიდან ცოტა ხანში ეს წიგნი აიკრძალა. მაღაზიებიდან ამოიღეს გაუყიდავად დარჩენილი ცალები და უტილიზაციას დაუქვემდებარეს, ხოლო ბიბლიოთეკების ეგზემპლარები საერთო მოხმარების ფონდებიდან გადაიტანეს დახურულ ფონდებში.

თითქოს გაუგებარია, რას უნდა შეეშინებინა ხელისუფლება. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ უბრალოდ ბიბლიოგრაფია იყო, ე.ი. გარკვეული წესებით შედგენილიო ჟურნალ–გაზეთების სია და მეტი არაფერი. არც გ. ბაქრაძე იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი გმირი. იგი იყო სახელმწიფო წიგნის პალატის თანამშრომელი და ეს სამუშაო შეასრულა დირექციის მიერ შედგენილი გეგმის შესაბამისად.

როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლება დააფიქრა მიღებულმა შედეგმა –  ბიბლიოგრაფიაში თვალნათლივ გამოჩნდა, რომ გასაბჭოებამდე საქართველოში ბოლშევიკურ პრესაზე უფრო მეტი რაოდენობით გამოდიოდა არაბოლშევიკური პრესა. არა და, საბჭოთა პროპაგანდა ხალხს არწმუნებდა, რომ მოსახლეობაში ბოლშევიკური შეხედულებები იყო უფრო გავრცელებული და ამ პერიოდის ჟურნალ-გაზეთების უმეტესობაც სწორედ ბოლშევიკური იყო. გ. ბაქრაძის ბიბლიოგრაფიამ საპირისპირო სურათი აჩვენა – საქართველოს გასაბჭოებამდე პარტიულ გამოცემათა უმეტესობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის იდეოლოგიურ მიმართულებას გამოხატავდა. იყო აგრეთვე დიდი რაოდენობით სოციალ-ფედერალისტური და ეროვნულ-ლიბერალური მიმართულების პერიოდიკა. ამათ ემატებოდა ანარქისტული და სხვაგვარი ჟურნალ-გაზეთებიც. პარტიული გამოცემების საერთო მოცულობაში  ბოლშევიკურ პრესას დაახლოებით მეხუთედი ეკავა.

ეს უბრალო არითმეტიკა იმის მაჩვენებელი იყო, რომ 1921 წლამდე ბოლშევიკური იდეოლოგია არ იყო პოპულარული საქართველოს მოსახლეობაში. აქედან კი ადვილად შეიძლებოდა იმ დასკვნის გამოტანა, რომ  ბოლშევიკური, ე.ი. კომუნისტური ხელისუფლება ძალით და, თანაც გარედან, თავსმოხვეული ხელისუფლება იყო.

 ეს ბიბლიოგრაფია გამოიცა 1947 წელს, საქართველოს ანექსიიდან 26 წლის შემდეგ. ამ ფაქტის თვითმხილველებიდან  ბევრი დაიღუპა ჯერ სასტიკი რეპრესიების გამო 20-იან და 30-იან წლებში, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომში, ხოლო ცოცხლად დარჩენილები კი ისეთი წნეხის ქვეშ მოექცნენ, რომ შიშით ხმას ვეღარ იღებდნენ. ახალი თაობის ცნობიერება მთლიანად დამოკიდებული იყო ხელისუფლების მიერ მიწოდებულ შეთხზულ ინფორმაციაზე. ერთი სიტყვით, აქტიურად მიმდინარეობდა, როგორც იტყვიან,   „ტვინების გამორეცხვის“ პროცესი. ამ ფონზე კი ბიბლიოგრაფიიდან მიწოდებულ უტყუარ ფაქტებს შეეძლო სხვაგვარად დაეფიქრებინა ახალგაზრდა თაობა. იმ პერიოდში ადამიანებს სიმართლის თქმა თავისუფლებისა და, ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ. და, რაც ვერ შეძლო ადამიანმა, მისდა უნებურად გააკეთა წიგნმა – თქვა სიმართლე.

 აი, ამიტომ აღმოჩნდა რეპრესირებული ეს, ერთი შეხედვით უწყინარი წიგნი. საბჭოთა ხელისუფლებას თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე გასაგები მიზეზის გამო მეორედ აღარ გაურისკავს ქართული პერიოდიკის სრული ბიბლიოგრაფიის გამოცემა.

გ. ბაქრაძის წიგნი დაიბეჭდა 2150 ტირაჟით და დღეს ძალიან ცოტა ეგზემპლარია შემორჩენილი. ამიტომ, თუ თქვენს საოჯახო ბიბლიოთეკაში ძველ წიგნებს შორის შემთხვევით აღმოაჩენთ გ. ბაქრაძის წიგნს ” ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია. 1819-1945”,  არ გადააგდოთ. ნურც  ”სამაკულატურედ” გაიმეტებთ. იცოდეთ, რომ ეს ნატანჯი წიგნია და თავის წილ პატივისცემას იმსახურებს.