წინამდებარე კრებული თხუთმეტი ნარკვევისაგან შედგება, რომლებიც, თუკი ჟანრობრივი თვალსაზრისით ვეცდებით მათ განსაზღვრას, ახლოსაა ესეისტური ტიპის პუბლიცისტიკასთან. ამავე დროს, მათი უმეტესობა თავისი მოცულობით და შინაარსობრივი დატვირთვით სცდება ესსეს ფორმატს და კვლევას უახლოვდება. ისინი შეეხება მწერლობას, ისტორიას, ფილოსოფიას, ჰერმენევტიკას, ხელოვნებას და მათში საკმაოდაა მეცნიერული არგუმენტები, რეფლექსიები და დაკვირვებები ლიტერატურულ ტექსტებსა თუ არტეფაქტებზე, ასევე სხვადასხვა ისტორიული ფიგურების ბიოგრაფიულ ამბებზე. ზოგადი მიდგომა საკითხების გაშლისას ინტერდისციპლინარულია, რამდენადაც ბევრი სფერო თანაიკვეთება და ისინი ერთმანეთის უკეთესად გაგებას უწყობენ ხელს. არის ასევე მოგონებითი ჩანართები. წიგნი ეძღვნება იმ წარმატებებს, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან და განმტკიცებასთან ერთად ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე მოიპოვა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ნარკვევებში განხილული ეროვნული თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხები დაეხმარება მკითხველს წარსულისა და მისგან გამომდინარე აწმყოს მნიშვნელოვანი ტენდენციების გაგებაში.