წიგნი „აფხაზეთი ქართულ პრესაში" - აერთიანებს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის (1866-1899) ქართული პერიოდული გამოცემების ძირითად მასალებს აფხაზეთთან დაკავშირებით. ამ პერიოდის ქართული პრესა უმნიშვნელოვანესი საისტორიო წყაროა და თვალსაჩინო სურათს ქმნის XIX საუკუნის მეორე ნახევრის აფხაზეთში არსებული ვითარების გასაცნობად და აფხაზეთის, საქართველოს ამ უძველესი მხარის, ისტორიის უკეთ შესასწავლად. შინაარსის თვალსაზრისით მასალები მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკა (მხარის კოლონიზაცია/ოკუპაცია), კულტურა, განათლება, მედიცინა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა და ა.შ. შეკრებილი მასალა წიგნში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი XIX საუკუნის ბეჭდური ენისა და სტილის დაცვით. ფორმატის თვალსაზრისით გვხვდება როგორც მცირე საინფორმაციო სტატიები,ისე ანალიტიკური პუბლიკაციები, რომლებშიც ავტორები აფხაზეთში მიმდინარე სხვადასხვა საკითხს საფუძვლიანად და, ზოგ შემთხვევაში, კრიტიკულადაც განიხილავენ.