ტერენტი გრანელი. ეს სახელი ბევრისთვის უცნობი იყო მაშინ, ბევრს აფრთხობდა კიდეც. თუმცა ახლა, ეს სულაც არ ყოფილა ვინმეს ახირება ან შემთხვევითობა. ამის მოკარნახე დროის სულისკვეთება გახლდათ, ქარიშხალგამოვლილი გემივით რომ მოადგა ჩვენს ნავსადგურს. ტერენტი გრანელი ხელმეორედ შემოდის ამ ორბიტაზე, პოეტი, ვინც მყარად ჩამოყალიბებული მხატვრული და პოეტური მსოფლმხედველობით, ჯერ კიდევ 20-იან წლებშივე, კონფლიქტში აღმოჩნდა ბოლშევიკურ იდეოლოგიასა და ობივატელიზმთან. შემოდის და შემოაქვს ის სამარადჟამო განწყობილებები, რაც ბუნებრივად ერწყმის იმდროინდელ სულისკვეთებას და, თავის ღირსეულ თანამოკალმეთა გვერდით, იწყებს ახალ სიცოცხლეს.