საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გამორჩეულ მღვდელმთავართა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს იმერეთის ეპისკოპოსს, წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელს (ქიქოძე 1860-1896 წწ.). იგი 35 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა დასავლეთ საქართველოს საგუბერნიო ქალაქ ქუთაისში. მან შექმნა დიდი ეპოქა, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გაბრიელ ეპისკოპოსის ეპოქა. იგი იყო მისიონერი, პედაგოგი, ღვთისმეტყველი, მქადაგებელი, ქვრივ-ობოლთა შემწე და ერზე მზრუნველი დიდი მღვდელმთავარი. 130 წლის შემდეგაც, მისი მოღვაწეობის შესახებ არ გვაქვს სრულყოფილი მონოგრაფია, სწორედ ამან განაპირობა სურვილი და მცდელობა, რომ შექმნილიყო სპეციალური ნაშრომი, რომელიც ეძღვნება გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლის იუბილეს. წიგნი ძირითადად ეფუძნება საარქივო მასალებს, რომლებიც პირველად ქვეყნდება და მოგვცემს შესაძლებლობას უფრო მეტი გავიგოთ წმინდა მღვდელმთავრის შესახებ. დოკუმენტებით ნათელი ხდება, როგორ მართავდა ეპისკოპოსი გაბრიელი თავის ეპარქიას, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სამღვდელო დასთან, მრევლთან, თავად-აზნაურობასთან, სინოდის კანტორასა და სხვადასხვა პირებან.