პერიოდული ლიტერატურა არაპერიოდულად
 13/10/2012

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამ მაისს მოეწყო. გამოფენა–საღამო „პოეზიის დღე–2012“ და რამდენიმე მოვლენა გააერთიანა: 7 მაისი „ცისფერყანწელთა“ ორდენის მიერ დადგენილი პოეზიის დღე და 5 მაისი– პრესის დღე. ეს ორი თარიღი ეროვნული ბიბლიოთეკის კიდევ ერთი ახალი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი ერთჯერადად გამოსული პერიოდული გამოცემების, პირველ ეტაპზე, გაზეთების კოლექციის შექმნას ემსახურება. რაიმე მოვლენასა თუ  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული სპეცგამოშვებები საერთო კატალოგშია გაბნეული. ბიბლიოთეკაში მოსულ ან სახლიდან ელექტრონულ გატალოგში შესულ მკითხველს ბევრი დროი და ძალისხმევა დასჭირდება ამა თუ იმ თემაზე ერთჯერადად გამოცემული გაზეთების მოსაძიებლად. თემები კი მართლაც მრავალფეროვანია და შესაბამისად გაზეთებიც მრავლადაა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მათი ერთი ნაწილი საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მაგრამ ფაქტია და ამის გვერდის ავლაც არ შეიძლება.

ასე რომ ამ კოლექციის შექმნა, ნამდვილად კარგ სამსახურს გაუწევს მაძიებელ და კირკიტა მკითხველს.

რაკი გვსურდა პროექტის იდეის წარდგინება, პოეზიისა და პრესის დღეები გაგვეერთიანებინა( ვინ თქვა ორი კურდღლის მადევარსო..? სამსაც გამოვკარი ხელი) საექსპოზიციო მასალაც ამ პრინციპით შევარჩიეთ.

„ცისფერყანწელთა“ ორდენის მიერ გამოცემულ გაზეთებთან ერთად წარმოდგენილი იყო ლიტერატურისა და ლიტერატორებისადმი მიძღვნილი სპეცგამოშვებები:

1. შოთაობა-1982

იყალთო, შოთა რუსთაველის სახელობის სახალხო უნივერსიტეტი

2.გალაკტიონი-2010 წელი 17 მარტი – მიძღვნილი გალაკტიონისადმი

3.ნიკოლოზ ბარათაშვილი-1997წელი

4.ტერენტი გრანელი -1924წ. – მისი პოეზიის დღის გამო

დარია ახვლედიანის, თომა ჩიქვანაიას მოგონებები ტერენტი გრანელზე

ივ.გომართელის  სტატია

5. ზვიად გამსახურდია-65 ( საიუბილეო) 2004წ

6.ქართული აზრი – 1955 წელი, ნიუ იორკი

7.ხანუქა-1992

8.შალომ მშვიდობა-1990

8.ტუალეტის ქაღალდი-1995

”ან-ბან-გან-დონი, ანუ რიჟა გამოთქმათა ფეკალური ნუსხა”

ქართული სწორმეტყველების ცენტრალური კომიტეტი

პირველი უცენზურო და ურედაქტორო გაზეთი

9.ლევან გოთუა–90

1982 წელი

10 რუსთაველის დღე

საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის ერთდროული გაზეთი

პოეზიის დღე 1967

ვფიქრობ , იდეის წარდგინება შედგა. ჩემი მონათხრობი ბიბლიოგრაფიულ აღწერილობას რომ არ დაემსგავსოს, მოკლედ მოგახსენებთ, რომ სულ წარმოდგენილი იყო 31 ერთჯერადი გამოცემა. რაკი გაზეთის გარეკანი ვერ ასახავს მასში დაბეჭდილ მასალას, ყველზე მნიშვნელოვანი სტატიების  ქსეროასლებიც წარმოვადგინეთ და რამდენიმე ეტაპობრივი გაზეთიც: „კალმითა და ხიშტით“– 1943 წელი, აგვისტო,  “5 მაისი“1927 წელი :

”ზედმეტი ადამიანები ქართულ მწერლობაში” -  ”ლიტერატურა სადაც არაა რევოლუციონური აზრი, არაა კლასობრივი ბრძოლა, არაა ჩვენი სოციალისტური აღმ,შენებლობა თავისი მიღწევებით და წინააღმდეგობებით, სადაც არაა სიცოცხლე, ახალი ყოფა, ახალი ადამიანები- ჩვენი მტრების ლიტერატურაა”

ვფიქრობ, კომენტარს არ საჭიროებს და მომდევნო წლებში განხორციელებულ რეპრესიებს აშკარად მოიაზრებს. პოეზიასა და მუსიკაზე, სხვა და სხვა თაობის წარმომადგენლების მიერ მოწყობილ პოეზიის დღესასწაულზე მომდევნო ბლოგპოსტში გიამბობთ.