“შუშანიკის წამების” იშვიათი გამოცემა
 18/10/2012

ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათობათა ფონდში  „იშვიათობის“ ერთ–ერთ განმასხვავებელ კრიტერიუმად მიჩნეულია გამოცემის მაღალი პოლიგრაფიული დონე. თუ წიგნს კულტურულ–ისტორიული ღირსებაც გააჩნია –  XX-XXI  საუკუნის გამოცემებმაც შეიძლება ბინა დაიდონ ვახტანგ VI, ბაქარ ბატონიშვილისა თუ ერეკლე II–ის ღვაწლით დასტამბულ ძველნაბეჭდი წიგნების გვერდით, ამის დასტურად გთავაზობთ ერთ გამოცემას:

იაკობ ცურტაველი შუშანიკის წამება, რედაქტორი ოთარ ეგაძე. – თბილისი, „ხელოვნება“, 1983, 348 გვ.

წიგნის გამოცემა ნაწარმოების თხუთმეტსაუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ელენე მაჭავარიანის ძველქართული და კალიგრაფ გიორგი ნადირაძის მიერ შვიდ ენაზე გადაწერილი ტექსტი დაბეჭდილია ცარცის ქაღალდზე. სიუჟეტური სურათების მხატვარი მამია მალაზონია, მშვენიერი ფორზაცები, ტიტული და კონტრტიტული გაფორმებულია ვახტანგ გაბელაიას მიერ.

მაღალი პოლიგრაფიული ხასისხით დასტამბული გამოცემა სხვადასხვა სახის ყდებშია აკინძული. ტირაჟის მცირე ნაწილი ხბოს ტყავითა და ჭედური ნამუშევრითაა შემკული, რომელიც მხატვარ სოსო ბახტაძის მიერაა შესრულებული.

თუ თქვენ პირად ბიბლიოთეკაში გაქვთ ასეთი გამოცემა, შეგიძლიათ იამაყოთ!