გიორგი გეხტმანი
 29/01/2013

უსაზღვროდ მოსიყვარულე, ფაქიზი, სათნო ადამიანი, დიდებული აღმზრდელი და მეგობარი, ფართო ერუდიციის გამოჩენილი მეცნიერი – ასე ახასიათებდნენ მას თანამედროვენი. დაიბადა 1870 წელს ქალაქ ქუთაისში. მისი დედა მანანა ჯორჯაძე ცნობილი ქართველი მწერლის რაფიელ ერისთავის დის, პოეტ ბარბარე ჯორჯაძის ქალიშვილი იყო. გეხტმანის ბებია ბარბარე ერისთავი–ჯორჯაძისა, ცნობილი მწერალი, ფემინისტური იდეების მიმდევარი, XIX საკუნის შუა წლებში “მამათა და შვილთა” ბრძოლაში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა, 1874 წელს პირველად გამოსცა წიგნი „სრული სამზარეულო“, რომელიც მოკლე ხანში გაიყიდა, 1914 წელს კი მისმა ქალიშვილმა მანანამ მესამე გამოცემა დაბეჭდა. გეხტმანის მამა, ნიკოლოზი, უაღრესად განათლებული პიროვნება, წარმოშობით გერმანელი, მუშაობდა სასამართლო კოლეგიის მდივნად. გეხტმანების ოჯახი მატერიალურ სივიწროვეს განიცდიდა, მრავალრიცხოვანი ოჯახი ნიკოლოზის ხელფასზე იყო. ისინი ბაქოში ცხოვრობდნენ, როდესაც დედის სურვილით გიორგი თბილისის კლასიკური გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლედ ჩაირიცხა. „ჩემი სვე–ბედი ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდაო“ – იხსენებდა მოგვიანებით, იქვე დასძენდა: „მამამ მიმაბარა პანსიონში, გამომემშვიდობა და წავიდა ბაქოში. პირველ თვეებში ძალიან გამიჭირდა დამოუკიდებელი ცხოვრება, თავს ობლად ვგრძნობდი, ვინ იცის, ფარულად რამდენი ცრემლი ვღვარე“. ის, რომ წლების წინ ამ გიმნაზიაში სწავლობდნენ გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, რაფიელ ერისთავი და სხვები მასში პასუხისმგებლობისა და სიამაყის გრძნობას იწევდა. გეხტმანი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჭილდოვებული: უკრავდა კლარნეტზე, კარგად ხატავდა, იყო მშვენიერი აღნაგობის ათლეტი. გიორგის დროს კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდნენ ნიჭიერი მოწაფეები, რომელთაგან ბევრი შემდეგ ცნობილი პიროვნება გახდა: ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი, იურისტი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, მათემატიკოსი მიხეილ თაქთაქიშვილი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი და სხვანი. ბევრ მათგანთან, მათ შორის ივანე ჯავახიშვილთან, მას ხანგრძლივი და ახლო მეგობრობა აკავშირებდა. გიორგი თავდაპირველად თავისუფლად ვერ ლაპარაკობდა ქართულად. ერთხელ ივანეს შეუთავაზებია, მოდი ჩემთან და ერთად ვიკითხოთო. ასე დაწყებული მეგობრობა სიკვდილამდე გაგრძელებულა.

 

გიორგი მხოლოდ თორმეტი წლის იყო , როცა მამა გარდაეცვალა, დედის ამარა დარჩა ხუთი ბავშვი, უფროსი გიორგი იყო, მატერიალურად ძალიან უჭირდათ და იძულებული შეიქნა მუშაობა დაეწყო, თავს ირჩენდა კერძო გაკვეთილებით. აქ ეყრება საფუძველი მის პედაგოგიურ მოღვაწეობას, მოღვაწეობას, რომელმაც ყველაზე უკეთ შეძლო მისი პიროვნების წარმოჩენა. 1906 წელს თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის მოსწავლეთა მოთხოვნით იგი აირჩიეს ამ სასწავლებლის დირექტორად. ეს პირველი შემთხვევა იყო თბილისში, როცა სასწავლებლის დირექტორი დანიშნეს მოსწავლეთა სურვილით. ამ გარემოებამ აღშფოთება გამოიწვია მაშინდელ მმართველ წრეებში, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ დაამტკიცეს სასწავლებლის ხარჯთაღრიცხვა. ამ სასწავლებლის ერთ–ერთი მოსწავლე მას ასე იგონებს: „იგი იყო ჩვენი ნამდვილი აღმზრდელი, გულისხმიერი, თანამგრძნობი, თავმდაბალი, უბრალო, საქმიანი და მომთხოვნი“.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ გიორგი გეხტმანის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული ქართული მეცნიერებისა და კულტურის ამ დიდებულ ტაძართან. გეოგრაფიული მეცნიერების შექმნა და აღორძინება უნივერსიტეტში და, მაშასადამე, საქართველოში ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად დაკავშირებულია გიორგი გეხტმანის სახელთან. იგი არის როგორც მეცნიერულ–საუნივერსიტეტო, ისე სასკოლო ეკონომიკური გეოგრაფიის ფუძემდებელი ჩვენში.

 

გიორგი გეხტმანი იყო ქართული საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის“ ერთ–ერთი დამაარსებელი. იმ დროისათვის საქართველოში უკვე არსებობდა ერთი საყმაწვილო ჟურნალი „ჯეჯილი“ და მეორის გამოცემას მეფის მთავრობა ფუფუნებად თვლიდა. ამიტომ ჟურნალის გამოცემას ბევრი დაბრკოლება ეღობებოდა. მიუხედავად ამისა, ქართველმა ინტელიგენტებმა მაინც შეძლეს „ნაკადულის“ დაარსება. აკაკი წერეთელს მოსწრებულად უთქვამს: კარგია, „ნაკადული“ „ჯეჯილს“ მორწყავს და საუცხოო მოსავალი გვექნებაო.

 

გეხტმანი იყო პირველი ქართველი ეკონომ–გეოგრაფი, რომელმაც მოგვცა საქართველოს კომპლექსური (ზოგად–ეკონომიური) დარაიონება. მან შეიმუშავა ქვეყნის დარაიონების ორიგინალური, თავისი დროისათვის მეტად საინტერესო სქემები. გეხტმანმა, როგორც შემდგომი დარაიონების წინამორბედმა, ხელი შეუწყო ქვეყნის სრულყოფილი ეკონომიური დარაიონების ბადის შექმნას.

 

გეხტმანის მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებასთან. იგი ცნობილი ბიბლიოფილი იყო, ითვლებოდა არა მარტო გეოგრაფიული, არამედ ისტორიული, ფილოსოფიური, ლინგვისტური და სხვა სახის ლიტერატურის შესანიშნავ მცოდნედ. ცხრა წლის განმავლობაში (1921–1930 წ.წ.) გიორგი გეხტმანი მუშაობდა საჯარო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორად. 1929 წლის დამლევს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით ბიბლიოთეკას ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობა გადაეცა. 1930 წლის ბოლოს „ზემდგომმა ორგანოებმა“ მოსთხოვეს დირექტორს ბიბლიოთეკის გახსნა მკითხველთათვის ზუსტად 1931 წლის 25 თებერვალს, მაშინ ბიბლიოთეკას შენობის მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდა ათვისებული, რადგან აქ განლაგებულმა დაწესებულებებმა არ დაცალეს შენობა. დირექტორი კი თვლიდა, რომ ეს მხოლოდ მთელი შენობის გადმოცემის შემდეგ ექვსი თვის თავზე უნდა მომხდარიყო, მიზეზად კი წიგნების განთავსების პრობლემას აყენებდა (წიგნსაცავი იმ ერთადერთ დარბაზში იყო, რომელშიც მკითხველი უნდა მიეღოთ). განათლების კომისარმა უბრძანა ფონდის სარდაფში განლაგება. გიორგი გეხტმანმა და თანამშრომელმა მარიამ სუნდუკიანცმა წინააღმდეგობა გაუწიეს კომისარს. ამ კამათის შემდეგ დირექტორი, გიორგი გეხტმანი, შეიცვალა. ახალმა დირექტორმა ბრძანება შეასრულა, 1931 წლის 25 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკამ, რომელიც 20 წელი დაკეტილი იყო, მკითხველი მიიღო, ეს იყო საქართველოს გასაბჭოების 10 წლის თავზე. გეხტმანის პოზიცია იყო ჭეშმარიტი პროფესიონალის, ნამდვილი მამულიშვილის პოზიცია, თან საზეიმოც არაფერი იყო, შვილის სიკვდილსა და თან მისი საფლავის დაკარგვას ხომ ვერ იზეიმებდა. ეს იყო 10 წლის თავი გეხტმანის ვაჯის იუნკერ, გაბრიელ გეხტმანის გარდაცვალებიდან, რომელიც 1921 წელს ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა, მაშინ საბჭოთა არმია საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა. გაბრიელ გეხტმანი დაიღუპა მარო მაყაშვილთან ერთად, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში. ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე იხსენებს: „თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, 26 თებერვალს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა. ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით, მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშალა». ეხლანდელი პარლამენტის შენობის ადგილას XIX საუკუნეში ალექსანდრე ნეველის სახელობის დიდი რუსული ეკლესია იდგა, ეგრეთწოდებული „სობორის“ ტაძარი. ამ ტაძართან (ეზოში) იყო დაკრძალული იუნკრები, სკოლის ოფიცრები და მოხალისენი. 1930 წელს, როცა კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევრებმა დაანგრიეს ეკლესია-მონასტრები, "სობორიც” დაინგრა. დღეს ყველა მათგანის საფლავი დაკარგულია.

 

გიორგი გეხტმანი კი, იმ დროს, ყველამ დაივიწყა, გარდა მის მიერ შერჩეული ახალი თაობისა, ამ თაობამ გააგრძელა გეხტმანის, წიგნის დიდი მოამაგის, ბიბლიოფილის, მეცნიერის საქმე. აი ისინიც: ლევან ეგორაშვილი, მიხეილ ზანდუკელი, ნიკო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ აკერმანი, მერი მელაძე ... ვიქტორ ბროსე, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. ისინი გიორგი გეხტმანმა აირჩია და მოიყვანა ბიბლიოთეკაში. მოგვიანებით, გეხტმანის მოწაფე, ცნობილი მთარგმნელი და საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი, ნიკოლოზ აკერმანი იგონებდა, რომ ყველა სიძნელეთა დაძლევაში მათ გვერდში ედგათ გიორგი გეხტმანი. საუბრობდა ტრადიციაზე, რომლის მიხედვით სამუშაოს დამთავრების შემდეგ ხშირად თანამშრომლები დირექტორთან ერთად მიუყვებოდნენ რუსთაველის პროსპექტს, ნახულობდნენ მაღაზიებში ახალ თუ ძველ წიგნებს, ეცნობოდნენ როგორც ახალ, ისე ძველ, ძვირფას გამოცემებს. ყველაფერი ეს კი უფრო მეტად გვაყვარებდა ჩვენს საქმესო – დასძენდა აკერმანი.

 

გეხტმანს ცხოვრების გზაზე მრავალი დაბრკოლება შეხვედრია, მაგრამ მაინც ქედი არ მოუხრია, არც ერთ სიძნელეს – მატერიალურსა თუ სულიერს – არ გაუტეხია მისი უდრეკი ნებისყოფა, იყო საოცარი მოთმინების ადამიანი. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგანაც იყო ძალიან ტრაგიკული პიროვნება, ხუთი ვაჟიდან (ნიკოლოზი, ბორისი, კონსტანტინე, ვლადიმერი და გაბრიელი) ხუთივეს სიკვდილს მოესწრო. იმ ადამიანთა მეხსიერებაში, რომლებიც ახლოს იცნობდნენ მას, ის დარჩა როგორც უაღრესად კეთილშობილი პიროვნება, კარგისა და კეთილის უსაზღვროდ მოტრფიალე ადამიანი, თავმდაბალი, პატიოსანი, პრინციპული. მისი ერთ–ერთი სტუდენტი, სერგო ხარაზიშვილი ასე იხსენებს: „ასე სამოცი წლის იქნებოდა. გამოზომილი, მაგრამ მტკიცე, ენერგიული ნაბიჭებით მოდიოდა. ისე მომეჩვენა, თითქოს სიდარბაისლისთვის ანელებდა სვლას, თორემ, ფეხი რომ დაეკრა, ცხრა მთას გადაევლებოდა. ყველა უმალ ფეხზე წამოდგა. უნებლიეთ რაღაც დიდი მოწიწებით გავიმსჭვალეთ იმ კაცისადმი“. გ. გეხტმანის ყოფილი ასპირანტის, ვლადიმერ კაკაბაძის ფრონტიდან გამოგზავნილ 1942 წლის წერილში ვკითხულობთ: „არასოდეს დამავიწყდება ის დარიგება, რაც მომეცით გამომშვიდობებისას ფრონტზე წამოსვლის წინ. მაშინ მითხარით, მუდამ ოპტიმისტური რწმენა გქონდეს, არასოდეს იფიქრო დამარცხებაზე და გამარჯვება ყველაფერში ყოველთვის შენთან იქნებაო“. გეხტმანის დახასიათება მრავალმხრივია და ყოველთვის საუკეთესო. გვარად უცხო, მაგრამ სულითა და გულით ნამდვილი ქართველი, მრავალი ახალგაზრდის გულისხმიერი აღმზრდელი და გზის გამკაფავი – ამბობდა მასზე პროფესორი ივანე ჯაში. თავად კი ალ. ჯავახიშვილის 80 წლის იუბილეზე უთქვამს: „აი, მე, უცხო ერის წარმოგზავნილი, ისე შევეზარდე ჩემს სამშობლო საქართველოს, რომ ვერავითარი ძალა ვერ გათიშავს იმ ღრმა სულიერ მისწრაფებასა და სიყვარულს ქართული კულტურისადმი, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარ შინაარსს შეადგენს“. იყო ზედმიწევნით კეთილი და გულისხმიერი ადამიანი. გულწრფელად იზიარებდა სხვის მწუხარებას, გულითადი მხიარულება და გულიანი სიცილიც იცოდა. ცნობილია საინტერესო ისტორია: მწერალი ნოდარ დუმბაძე, მაშინ უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის სტუდენტი, გამოცდას აბარებდა საბჭოთა კავშირის ეკონომიურ გეოგრაფიაში. პროფესორ გეხტმანს გამოცდაზე დამატებითი შეკითხვა მიუცია.

 

–ყმაწვილო! ჩამომითვალეთ და მაჩვენეთ რუკაზე ბალტიისპირეთის რესპუბლიკები.

–ლიტვა, ლატვია, ლუტვია, – სწრაფად უპასუხია ენამახვილ სტუდენტს.

ამის გაგონებაზე გამომცდელს სიცილი ატყდომია.

–ეს შემთხვევა ჩემს ბიოგრაფიაში ფრიად ღირსსახსოვარია. აღნიშნული შემთხვევა რომ არა, ალბათ, მწერლობას ხელს არ მოვკიდებდი. მე მაშინ გავიფიქრე: თუ ასე გულიანად შემიძლია გავაცინო კაცი, მოდი, მოვსინჯავ კალამს იუმორის ჟანრში – იხსენებდა მწერალი.

 

გიორგი გეხტმანი გარდაიცვალა 1956 წელს 86 წლის ასაკში. ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა დიდებული აღმზრდელი, გამოჩენილი მეცნიერი, უსაზღვროდ მოსიყვარულე და სათნო ადამიანი.

 

ეროვნულ წიგნთსაცავს მან უსასყიდლოდ, სიცოცხლეშივე გადასცა გარკვეული რაოდენობის წიგნები პირადი ბიბლიოთეკიდან. მოგვიანებით, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შეიძინა მისი პირადი არქივი და წიგნადი კოლექცია. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია გეხტმანის პირადი არქივი და მისი წიგნადი კოლექციის გამორჩეული ცალები. ეს არის გეხტმანისთვის მეგობრების, კოლეგების, მოწაფეების მიერ ნაჩუქარი ავტოგრაფიანი წიგნები. აქ შეხვდებით ივანე ჯავახიშვილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის, მიხეილ ზანდუკელის, აკაკი შანიძის, ლეო ქიაჩელის და სხვათა ავტოგრაფებს. როგორც აღვნიშნეთ, გ. გეხტმანი არის ეკონომიურ–გეოგრაფიული მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. ჩვენს კოლექციაშია დაცეული გეხტმანის მიერ 1925 წელს გამოცემულ წიგნი „მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია“, წიგნის გამოსვლამდე ამ სფეროში ქართულ ენაზე თითქმის არაფერი მოიპოვებოდა. ეს იყო პირველი წიგნი ქართულ ენაზე, საერთოდ, ეკონომიურ გეოგრაფიაში. მაშინ ეს წიგნი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. 1925 წელს მან გამოაქვეყნა „საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია“. შრომა წარმოადგენს საქართველოს სრული ეკონომიურ–გეოგრაფიული შესწავლის პირველ ცდას. მოცემული გამოცემის ავტორისეული ეგზემპლარი ინახება ჩვენს კოლექციაში. კოლექციაშია დაცული აგრეთვე, გეხტმანის 1955 წლის გამოცემა „ნარკვევები გეოგრაფიის ისტორიიდან“. ეს ნაშრომი არის ფუნდამენტალური მონოგრაფია გეოგრაფიის ისტორიაში. მანამდე ქართულ ენაზე ანალოგიური ხასიათის ნაშრომი არ არსებობდა. იგი მისაწვდომი მეცნიერული და ამავე დროს პოპულარული ენითაა დაწერილი. ეს ცალები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მათში გეხტმანის ხელით არის გაკეთებული შენიშვნები და მინაწერები, ჩადებულია ხელნაწერი ფურცლები. გეხტმანის პირად არქივში ინახება მდიდარი ფოტომასალა, გეხტმანის ნაშრომები და ლექციები ხელნაწერი სახით, მის მიერ შეგროვებული სამარკო ნიშნებისა და ღია ბარათების კოლექცია.