ქართული მწიგნობრობის მოამაგე ივანე კერესელიძე
 25/12/2012

ქართველი ერის ღირსეული მამულიშვილი ივანე კერესელიძე 50-იანი წლების საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოძრაობის უშუალო გამგრძელებელი და ქართული კულტურის ღირსეული მოამაგე იყო.  გიორგი ერისთავის შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა ქართულ თეატრსა და ჟურნალ „ცისკარს“.

 თვალსაჩინო პუბლიცისტი და მწერალი ივანე კერესელიძე მრავალმხრივ საქმიანობას ეწეოდა: წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებს, გამოკვლევებს, თარგმნიდა მეცნიერულ და მხატვრულ თხზულებებს. ქართული თეატრის აღორძინების პირველ წლებში იგი სცენაზე გამოდიოდა სხვადასხვა როლში და სათავეში ედგა მრავალ საზოგადოებრივ-საქველმოქმედო წამოწყებას. გიორგი ერისთავის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა ქართულ თეატრსა და ჟურნალს “ეროვნული კულტურის ორივე დედაბოძს”. მან ჩამოაყალიბა ქართული დაწყებითი სკოლის დაარსების პროგრამა. ეს იყო დედა-ენისათვის ბრძოლის დასაწყისი, რომელიც 70-80-იან წლებში გაჩაღდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ქართული წიგნისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემის საქმეში; რითაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართული ბეჭდვითი სიტყვის დამკვიდრებასა და გავრცელებას.

ივანე კერესელიძე  დაიბადა 1827 წლის 10 ნოემბერს თბილისში, იმერელი აზნაურის ოჯახში. მამის გარდაცვალების დროს ივანე ერთი წლის გახლდათ. უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ დაობლებულ ოჯახს დახმარების ხელი თეკლე ბატონიშვილმა გაუმართა. მისმა მფარველობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ივანეს აღზრდა-ჩამოყალიბებაში. 1850 წელს ივანემ წარმატებით დაასრულა გიმნაზია, მაგრამ აზნაურობის საბუთის არარარსებობის გამო ატესტატი ვერ მიიღო, თუმცა როგორც წარჩინებული აბიტურიენტი, დროებით გიმნაზიაშივე დატოვეს ზედამხედველად და ქართული ენის მასწავლებლად. დიდი წვალებით მოეწყო თბილისის საგუბერნიო სამმართველოში კანცელარიის დაბალ მოხელედ, მაგრამ საბუთების უქონლობის გამო, აქედანაც გაანთავისუფლეს. უატესტატოდ და უსამსახუროდ დარჩენილი, ყოველმხრივ შევიწროებული ივანე იძულებული გახდა გამოთხოვებოდა მის საყვარელ თეატრსა და მეგობართა წრეს და 1851 წელს, სამოღვაწეოდ ზუგდიდში გადასულიყო, სადაც ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანების რეკომენდაციით სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ მიიწვიეს შვილების აღმზრდელად. დადიანების ოჯახში ივანემ დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. იქ გატარებულმა წლებმა, მათი მდიდარი ბიბლიოთეკის გაცნობამ, ოჯახის ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობამ, დიდი როლი შეასრულა ივანეს საზოგადოებრივ–კულტურული ინტერესების ჩამოყალიბებაში. კერესელიძისა და ჭავჭავაძის ასულების მეგობრულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ივანეს პორტრეტი, რომელიც დებს ერთად დაუხატავთ ზუგდიდში.

დადიანებისაგან უხვად დასაჩუქრებულმა ივანემ თბილისში დაბრუნების შემდეგ მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ეროვნული კულტურის განვითარებას მოახმარა. უმდიდრესი ტრადიციების მქონე მშობლიურ ქალაქში ივანეს ფეოდალური საქართველოს დროინდელი მწიგნობრული კულტურის კვალიც აღარ დახვდა. 1832 წლის შეთქმულების მარცხის შემდეგ, სოლომონ დოდაშვილის ციმბირში გადასახლებით, მისი გაზეთისა და სტამბის დახურვით, საქართველოში საფრთხე დაემუქრა ეროვნული სტამბისა და ქართული ბეჭდვითი სიტყვის არსებობას. მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ, 1852 წელს მოახერხა გიორგი ერისთავმა თბილისში პატარა, ქართული სტამბის გახსნა, სადაც ჟურნალ “ცისკარს” გამოსცემდა. სამწუხაროდ, ჟურნალი მალე დაიხურა და სტამბაც დაიკეტა. ივანე კერესელიძეს კარგად ესმოდა, რომ ამ ვითარებაში ქართული ენა, წიგნი და მწიგნობრობა პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი, ეროვნული მთლიანობის, უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის საუკეთესო საშუალება იყო. ამიტომ ჩაუდგა ის სათავეში საგამომცემლო საქმიანობას. 1852 წელს “ყრმათა მეგობარი” გამოსცა, რომელიც რუსული წიგნის ქართულ თარგმანს წარმოადგენდა, ეს წიგნი 1853 წელს კვლავ გამოსცა. 1856 წელს მან გამოსცა პატარა სახელმძღვანელო სახელწოდებით: “ანბანი ახალმოსწავლეთა ყრმათათვის”, რომელიც საკმარის სამსახურს უწევდა წერა-კითხვის შესწავლის მსურველთ. ეს წიგნი ზედიზედ სამჯერ გამოიცა და კარგად შეასრულა მასზე დაკისრებული როლი მშობლიური ენის შესწავლისა და განმტკიცების საქმეში. ამის შემდეგ გამოვიდა: 1859 წელს “ლექსთა კრების” I წიგნი; 1878 წელს “ლექსების” II წიგნი; 1860 წელს “ჯიბით სატარებელი კალენდარი”. წიგნების ნაწილს იგი უსასყიდლოდ არიგებდა ხალხში. ხშირად წიგნებს წერა-კითხვის უცოდინარი ხალხიც ეტანებოდა და სწორედ ამიტომ გამომცემელი წიგნებს ანბანსაც ურთავდა, რომელიც  სახელმძღვანელოს მოვალეობას ასრულებდა.

მიუხედავად მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პირობებისა, ივანე კერესელიძემ მტკიცედ გადაწყვიტა 1854 წელს დახურული გიორგი ერისთავის “ცისკრის” აღდგენა-განახლება. მან თავისი მიზნები ალექსანდრე ორბელიანს გაანდო, რომელმაც დიდი დახმარება და თანადგომა გაუწია. ჟურნალის გამოცემის უფლება გიორგი ერისთავისაგან ივანემ მიიღო 1854 წლიდან, მაგრამ მისი განახლება მხოლოდ 1857 წლის იანვრიდან მოახერხა. ეს ჟურნალი 1863 წლამდე ქართულ ენაზე ნაბეჭდი ერთ-ერთი პერიოდული გამოცემა იყო, რომელმაც მთელი ქართველი ინტელიგენციის ყურადღება მიიქცია. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, “ცისკარმა” აკვნობა გაუწია ყმაწვილ მწერლებს”.

საგამომცემლო საქმიანობის უმთავრეს სირთულეს სტამბის უქონლობა წარმოადგენდა. ივანემ დიდი ვაი–ვაგლახით მოახერხა გიორგი ერისთავთსაგან “ცისკრის” სტამბის შესყიდვა და 1859 წელს საკუთარი სახლში განათავსა, ივანე მაშინ ალექსანდრეს ქუჩაზე, ამჟამად ნინოშვილის 13 ნომერში ცხოვრობდა. სტამბაში ივანე უმთავრესად თვითონ მუშაობდა, დროდადრო სტამბის მუშებიც ჰყავდა. უსახსრობის გამო, ხშირად მათთვის ხელფასის მიცემას  ვერ ახერხებდა და სოფელ-სოფელ შეგროვილ სურსათს უნაწილებდა. მუშები სტამბას ტოვებდნენ და ივანეღა იყო “ასოთამწყობი, მბეჭდავი, კორექტორი, ამკინძავიცა და  ყველა სახის სამუშაოს შემსრულებელი. ამ დროს მისი დამხმარე და შემწე მისი მეუღლე იყო.

თეატრში მუშაობისას ივანეს თავდავიწყებით შეუყვარდა სახელგანთქმული მომღერალი და მოცეკვავე ნინო უზნაძე. 1857 წელს ისინი დაქორწილდნენ. ივანესა და ნინოს სამი შვილი ჰყავდათ: ელენე (ლიზა), სოფიო და გიორგი. მათი ოჯახი თბილისის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ცენტრად გადაიქცა, სადაც თავს იყრიდნენ ქართული ლიტერატურისა და კულტერის მოღვაწენი. 1859 წელს ქართველი საზოგადოება აქ შეხვდა გამოჩენილ ფრანგ მწერალს, ალექსანდრე დიუმას, რომელმაც გულთბილი სტრიქონები მიუძღვნა გულუხვ მასპინძელსა და მის ლიტერატურულ სალონს.  თანამემამულეებს ივანე გულწრფელად უმხელდა სტამბის გასაჭირს, უცხოელებთან კი ამაყად ეჭირა თავი: ასე მცირე ხელისმომწერთა იმედით ჟურნალს როგორ გამოსცემო, გაოცებულა ალექსანდრე დიუმა, ივანეს კი უთქვამს  “600 ხელისმომწერი მყავსო”, სინამდვილეში კი მხოლოდ 60 ხელისმომწერი ჰყავდა, რის შესახებაც იგი სევდიანი ირონიით იხსენებდა: “ბევრი არ მომიტყვილებია... მხოლოდ ერთი ნოლი მივუმატეო”.

ასეთი ვაი-ვაგლახით დაარსებულ “ცისკარს” შემდეგ წელსაც დიდი გაჭირვება დაატყდა თავს. 1861 წელს უსახსრობის გამო ჟურნალი კვლავ დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. მთავრობისაგან შემწეობის მოსაპოვებლად ივანემ განიზრახა, “ცისკართან” ერთად გამოეცა “გუთნის-დედა" და ამ გზით მიღებული თანხა ორივე რედაქციისათვის გამოეყენებინა. ასე დაარსდა “გუთნის-დედა” – პირველი სასოფლო-აგრონომიული ხასიათის ორგანო, რომელიც 1861-1876 წლებში გამოდიოდა.

            ხელისმომწერთა მოსაპოვებლად და დარჩენილი ვალების დასაფარავად ივანე სოფელ-სოფელ დადიოდა: ხან ფეხით, ხან ცხენით, ხან ურმით. ხელმომწერთაგან აგროვებდა ხორბალს, ღვინოს, სიმინდს, ჩამოჰქონდა თბილისში, თვითონ ჰყიდდა ბაზარში და ასე ანაღდებდა თანხას. ხშირად ხელისმომწერნი ფასის ანაზღაურებას ვერ ახერხებდნენ, თანხის ნახევარი აუკრეფავი რჩებოდა და რედაქტორს თვითონ უხდებოდა ხარჯების დაფარვა. ასეთ პირობებში უხდებოდა მუშაობა რედაქტორს, მაგრამ გულს მაინც არ იტეხდა, რადგან მისი რწმენით, ქართველი ხალხისთვის აუცილებელი იყო სასოფლო-სამეურნეო განათლების მიღება და მიწათმოქმედების აღორძინება. გაზეთის თვითოეული ნომრის გამოცემა აუტანელ წამებად გადაექცა, მეგობრების დახმარება ვეღარ წვდებოდა გაზრდილ ვალებს. “გუთნის-დედის” გამოცემის ხარჯების გამო, იგი იძულებული გახდა მუქთად გაეყიდა მამულები თბილისსა და ბოგვში. მაგრამ, მაინც ვერა გააწყო რა. 1870 წლის მარტში, ივანე იძულებული გახდა სტამბა იჯარით მარტირუზიანცისათვის გადაეცა. ამან უფრო გაართულა ჟურნალის გამოცემა. 1873 წელს მარტში  ივანემ ვალის გასტუმრება მოახერხა და სტამბა კვლავ დაიბრუნა და ბეჭდვა განაახლა. გამომცემლის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, სრულიად უსახსროდ დარჩენილმა ივანემ სტამბა ვეღარ შეინარჩუნა და იმავე წლის ბოლოს, თავის ყოფილ მოსწავლეს დ ექვთიმე ხელაძეს მიჰყიდა, იმ პირობით, რომ სტამბის ფასში მისთვის “ცისკარი” უნდა დაებეჭდა. ექვთიმემ სტამბა ბებუთოვის სახლში განათავსა ხანის, ამჟამად გ. ტაბიძის ქუჩაზე. ვალებში ჩაფლულმა ივანემ, სტამბის გამოსყიდვა ვეღარ შეძლო და სულ მალე მას ჟურნალიც მიჰყვა. უსახსრობას ავადმყოფობაც დაემატა და 1875 წლის 5 ივნისს, ივანემ კავკასიის საცენზურო კომიტეტში, განცხადება შეიტანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო “ცისკრის” გამოცემის დროებითი შეწყვეტის შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. ამრიგად, 18 წლის არსებობის შემდეგ - 1875 წლის მეორე ნახევრიდან, “ცისკარი” დაიხურა და რედაქტორ-გამომცემელს აურაცხელი ვალები დაუტოვა. სიკვდილის უკანასკნელ წელს იგი ჟურნალის განახლებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. კავკასიის საცენზურო კომიტეტმა და ბეჭდვითი საქმის სამმართველომ 1892 წლის 7 დეკემბერს მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამ ვალებში ჯერ კერესელიძის სახლი, შემდეგ ავეჯი წვრილ-წვრილად გაიყიდა და ოჯახი ქუჩაში დარჩა. ხუთი თვის უბინაობით გატანჯულმა ივანემ დიდი წვალებით იშოვა ავჭალაში ორი პატარა ოთახი, თვეში 15 მანეთად. მძიმე შრომამ  და მოუსვენარმა ცხოვრებამ მწერლის მეუღლეც დააუძლურა, 1878 წლის თებერვალქთ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ნინო. ივანემ მეორედ იქორწინა გიორგი ამილახვრის ასულ ანასტასიაზე, რომელმაც ობლები გაუზარდა და საკმაო მზითვიც შეუტანა ოჯახში. ყოველივე ამის მიუხედავად, ივანე მაინც ჟურნალის აღდგენაზე ოცნებობდა და, მოითქვა თუ არა ოდნავ სული, 1887 წელს სასოფლო-სამეურნეო გაზეთი “ცისკარი” დააარსა, მაგრამ ცენზურისაგან ათვალისწუნებისა და უსახსრობის გამო, ახალი ვალები დაატყდა თავს და მწერალი ულუკმაპუროდ დარჩა. სიცოცხლის უკანასკნელ წელს მან კიდევ ერთხელ სცადა “ცისკრის” აღდგენა, მაგრამ ამაოდ.

            ავადმყოფი, გაღატაკებული, მაგრამ სულით მტკიცე  ადამიანის დაუვიწყარი პორტრეტი შემოგვინახა აკაკი წერეთელმა თავის “ორ შეხვედრაში”: “...სუფრაზე ნელ-ნელა გამხიარულდა ივანე - წერდა აკაკი - დაავიწყდა დარდები, ჩამოაგდო საუბარი საზოგადო საქმეებზე და სრულიად შეიცვალა. ძველად ბერძნებს სწამდათ; რომ ხანდახან განგებ ჩამოდიან ღმერთები და მათ რჩეულ კაცებს შვენებას უმატებენო. სწორედ მართალია, როცა კაცი მაღალი, ღვთიური რამეთი არის გატაცებული, მაშინ მისი შინაგანი ძლიერება გარეგანათაც იხატება და მშვენებაც ემატება...”

            1892 წლის 19 დეკემბერს ივანე ფულის საშოვნელად გამოვიდა  სახლიდან. ძლიერ ყინვაში საბედისწეროდ გაცივდა და 21 დეკემბერს, ღამის 2 საათზე გარდაიცვალა ავლაბრის ერთ მიყრუებულ ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, რომელიც გაღატაკებულ თავშესაფარს უფრო წააგავდა.

            ივანე კერესელიძემ დაგვიტოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა: მრავალი ლექსი, მოთხრობა, პიესა და პუბლიცისტურ და კრიტიკული წერილი. ივანე საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი შემოქმედი იყო და ღრმად სწამდა პოეტური სიტყვის ძალა, რომლის ძირითად დანიშნულებად ხალხისა და სამშობლოს სამსახური მიაჩნდა. პუბლიცისტურ წერილებსა და ლექსებში იგი ახალგაზრდობას უნერგავდა ეროვნული სიამაყისა და მშობლიური ქვეყნის ერთგულებას. მართალი გულიდან ამოხეთქილმა პოეტურმა სიტყვამ გზა გაიკვლია ხალხში და მისი ლექსები “ქართული სიმღერა”, “სიმღერა”, “ჩემო თვალის სინათლევ” პოპულარულ სიმღერებად იქცნენ.

            ივანე კერესელიძის ცხოვრება ქართული მწიგნობრობის სიყვარულსა და თავდადებაში გაილია. 1889 წელს ნიკო ნიკოლაძე წერდა: “პირდაპირ განსაცვიფრებელია მასშტაბი იმ შრომისა, რომელიც 1857–1887 წლებში ი. კერესელიძემ მოახმარა ქართულ ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას”. მისი ცხოვრების საზრისი ქართული ბეჭდვითი სიტყვის მსახურება იყო და ამიტომაც წერდა მასზე ზაქარია ჭიჭინაძე: “ჩვენი ჟურნალ-გაზეთების გამოცემის დაწყების მამად იგი ითვლება, და ამ ჯილდოს მას ვერავინ წაართმევს”.

იხილეთ:
ნინო ხვედელიძე. ივანე კერესელიძე ქართული მწიგნობრობის მოამაგე   // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შრომები.- II (6II). - 2006. - გვ. 22–45.