2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა იუნესკომ, რადგან 300 წლის წინ, 1712 წელს, პირველად დაიბეჭდა XII საუკუნის ამ ქართველი პოეტის მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურული შედევრი – „ვეფხისტყაოსანი“.
პოემის პირველი გამოცემა განხორციელდა თბილისში, 1709 წელს ამოქმედებულ პირველ ქართულ სტამბაში.
პირველნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ქართველი მესტამბის, მიქაელის პირველი ნამუშევარია და ქართველ გამომცემელთა პირველი დამოუკიდებელი ნამოღვაწარი; იგი პირველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური თხზულებაა და პირველი მეცნიერული გამოცემაც ქართულ ენაზე: პოემას ერთვის ქართლის განმგებელისა და თბილისის სტამბის მმართველის, ვახტანგის განმარტებები – „თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა“. ეს ჩვენამდე მოღწეული ქრონოლოგიურად პირველი და ვრცელი მონოგრაფიაა რუსთაველის უკვდავი პოემის შესახებ. აქ განმარტებულია თხზულების არსი, პოემის ცალკეული სტროფები და სიტყვები. პოემის პირველი გამოცემა წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შეჯერებულ, კრიტიკულ ტექსტს.
გამოცემა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. ტირაჟი უცნობია. გავრცელებულია აზრი ამ გამოცემის დევნისა და განადგურების შესახებ ცალკეულ პირთაგან. აღრიცხულია 20 ეგზემპლარი, აქედან 5 დაცულია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. არც ერთი შემორჩენილი ცალი არ არის სრული. ამ ფაქტისა და პირველი გამოცემის მეცნიერული მნიშვნელობის გათვალისწინებით, 1937 წელს, რუსთაველის იუბილისათვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ქართველმა მეცნიერმა აკაკი შანიძემ ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ აღდგენილი გამოცემა განახორციელა. მას ერთვის ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ ყველა მოძიებული ეგზემპლარის აღწერილობაც.
აქ წარმოდგენილი პირველნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ ეკუთვნოდა ქართველ კლასიკოს მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს – ილია ჭავჭავაძეს. ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია მისი კოლექცია. წიგნი ბიბლიოთეკაში შემოვიდა 1937 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდთან ერთად.
სადღეისოდ „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნილია 49 ენაზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიბეჭდა 420-ზე მეტი გამოცემა, ქართულ გამოცემათა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის მანძილზე გაგაცნობთ „ვეფხისტყაოსნის“ სხვა რჩეულ გამოცემებსა თუ ეგზემპლარებს ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან.
რუსთაველის წელს დავასრულებთ რუსთაველის დღის აღსანიშნავი გამოფენით და არამხოლოდ…