გაზეთი ”დროშა”- პირველი ქართული ემიგრანტული პერიოდული გამოცემა
 01/04/2013

140 წლის წინ, 1873 წლის 1 აპრილს გამოვიდა პირველი ქართული ემიგრანტული პერიოდული გამოცემა გაზეთი „დროშა".  იგი პარიზში გამოსცა ნიკო ნიკოლაძემ დათა მიქელაძესა (მეველე) და პავლე იზმაილოვთან ერთად. სათაურის ქვეშ მოთავსებული წარწერა - "სოციალური გაზეთი",  განსაზღვრავს მის პროფილს.  ამავე გვერდზეა  ილია ჭავჭავაძის სიტყვები: აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია". თავისი პოლიტიკური მიმართულებით "დროშა" არის პირველი ქართული არალეგალური სოციალისტური მიმართულების გაზეთი.

გაზეთში გამოქვეყნებული მასალების ავტორები მისივე დამაარსებლები არიან.  „დროშა" ჰექტოგრაფული გამოცემაა (ჰექტოგრაფი მარტივი ხელსაწყოა, რომელიც ამრავლებს ხელნაწერ ან ნაბეჭდ ტექსტს).   წერილები ხელმოუწერელია, მაგრამ  კალიგრაფიის მიხედვით ხერხდება მათი ავტორების დაზუსტება.

„დროშა" მცირე ფორმატის გაზეთია. მისი თითოეული ნომერი 4-გვერდიანია. სულ გამოვიდა ათი ნომერი 100-100 ცალი ტირაჟით, რომლებიც უსასყიდლოდ ეგზავნებოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში მყოფ ქართველებსა და სხვა კავკასიელებს. სარედაქციო წერილში, რომელიც ნიკო ნიკოლაძის ხელითაა დაწერილი, მითითებულია: "დროშა",  ქართული სოციალური გაზეთი, გამოიცემა პარიჟში ათი დღის განმავლობაში, ყოველ დღე, საღამოობით. ამ გაზეთზე არც ხელისმოწერა მიიღება, არც ცალ-ცალკე ფურცლების გამოწერა. ის მარტო რედაქციისათვის იბეჭდება.  ათი დღის შემდეგ, ესე იგი 11 აპრილს 1873, "დროშის" ბეჭდვა მოისპობა".

როგორც ცნობილია, საქართველოში დაბრუნებისას ნიკო ნიკოლაძეს პოლიციამ ჩამოართვა ჰექტოგრაფი და ჩამოტანილი წიგნები, რომელთა შორის ბევრი აკრძალული იყო. სავარაუდოდ, ამ დროს ჩამოართვეს მას "დროშის" ეგზემპლარებიც.  დღეისათვის გადარჩენილია მხოლოდ პირველი სამი ნომერი, რომლებიც ინახება ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში. არავინ იცის, თუ ვინ მიიტანა ისინი მუზეუმში. სამწუხაროდ, ლონდონის მუზეუმის კატალოგებში რედაქტორად შეცდომით დასახელებულია სერგეი მესხი, ხოლო გამოცემის ადგილად პარიზის ნაცვლად მითითებულია  ჟენევა.

ეს გაზეთი თვით ნიკო ნიკოლაძემ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ლონდონში ყოფნის დროს 1926 წელს. ეროვნული ბიბლიოთეკის ნიკო ნიკოლაძის პირად კოლექციაში ინახება გაზეთ „დროშის" ამ სამი ნომრის ფოტოასლები.