ქეთევან ირემაძის ალბომი
 11/07/2013

წიგნსაცავში შევდივარ. უკვე მერამდენედ მეუფლება განცდა, რომ წიგნთა სამფლობელო დუმილითა და მოლოდინით მიცქერს. წიგნები, გრაფიკული ალბომები, ხელნაწერები – სავსე გაცხადებული თუ გაუცხადებელი ისტორიებით. უხმო საუბარი მათთან, ეს ის სიამოვნებაა, რასაც ძნელად თუ აუქცევ გვერდს. ყურადღებას იქცევს სადა, კრემისფერი მუყაოს ალბომი, სადაცაა უნდა გავიფიქრო – აქ საიდან მოხვდა? ვფურცლავ მას და შემომანათა ახალგაზრდა, ლამაზმა ქალმა, წარსულის სინათლიდან მიღიმის. მახსენდება გიორგი ლეონიძის სიტყვები: - „საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?“ დროებით მიფარებულ სილამაზეზე – ქეთევან ირემაძეზე ვიწყებ ფიქრს.

იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულმა, ამ პატარა ალბომმა არ მინდა მხოლოდ ჩემს ფიქრებში გააცოცხლოს მშვენიერი ქალი, ნიჭიერი შემოქმედი, აბატი პრევოს – მანონ ლესკოს, დენი დიდროს – რამოს ძმისწულის, ბენჟამენ კონსტანის – ადოლფის, გი დე მოპასანის ნოველების მთარგმნელი და „ლიტერატურული მედალიონების“ ავტორი. მისი ალბომიდან გადმოსულ სინაზესა და სისადავეს გინაწილებთ სურათების სახით და აქვე მოგახსენებთ, რომ იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია ასევე მოგონებები ქეთევან ირემაძეზე – მანქანაზე ნაბეჭდი კრებული, სადაც მრავალ საინტერესო ამბავს ამოიკითხავთ შალვა აფხაიძის, იოსებ იმედაშვილის, შალვა რადიანის მოგონებებიდან.