რუსთველის მსოფლმხედველობა
 01/11/2018

რუსთველოლოგიური მეცნიერება დიდი ხანია ცდილობს აღადგინოს „ვეფხისტყაოსნის" დედანი, ანუ დაადგინოს ავტორის ხელიდან გამოსული ტექსტის სტროფული შედგენილობა და ენობრივი ქსოვილი. ვახტანგ მეექვსედან მოყოლებული დღემდე ამ მიზნის მისაღწევად დიდი შრომაა გაწეული. მაგრამ, მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად, არ არსებობს სრული კმაყოფილების განცდა. რუსთველისეული ტექსტის აღდგენის სირთულე განპირობებულია იმით, რომ „ვეფხისტყაოსნის" დედნისა და დღემდე მოღწეული მისი უძველესი ნუსხის შექმნის თარიღები ოთხი საუკუნით მაინცაა დაცილებული. შემორჩენილი ხელნაწერები კი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდება.