პარაკლიტონი
 25/07/2013

პირველნაბეჭდი პარაკლიტონი, ოქტოიხოსი – რვა ხმაზე გაწყობილი კვირის ციკლის საეკლესიო საგალობელთა წიგნი. გამოიცა 1720 წელს თბილისში, პირველ  ქართულ  სტამბაში;  ბაქარ ვახტანგის ძე ბაგრატიონის  ბრძანებითა და ხარჯით. წარმოადგენს ძველ ტრადიციულ ტექსტს– XI საუკუნეში თარგმნილს, გიორგი ათონელისეულ რედაქციას. ამ სტამბის სხვა გამოცემებისაგან  განსხვავებით, რედაქტორს – ნიკოლოზ ორბელიანს იგი აღარ  გაუმართავს ბერძნული ტექსტების  მიხედვით;  შეიცავს 452 გვერდს.  გამოცემა განახორციელა თბილისის სიონის ტაძარში მოღვაწე მხატვარმა და მესტამბემ  გიორგიმ.  იგი  უნდა  იყოს   პარაკლიტონის  გამფორმებელიც.  აქ   ტრადიციულ   ქრისტიანულ  ტრიპტიხთან  ერთად,  სადაც  გვხვდება  უფლის,  ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ხატები, გამოყენებულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის ამსახველი თავსამკიც: ორნამენტის ცენტრში ღვთისმშობელია ყმით, აქეთ–იქით  ქართველთა განმანათლებლები:  ანდრია პირველწოდებული და წმინდა ნინო.  ეროვნული ბიბლიოთეკის   FS  4602/09 სრული ეგზემპლარია, ჩასმული ხის ტყავგადაკრულ,  ტვიფრულ ყდაში.