ვალერიან გუნიას საგამომცემლო მოღვაწეობა
 02/08/2013

ღირსეულ მამულიშვილსა და საზოგადო მოღვაწეს ვალერიან გუნიას დიდი ღვაწლი მიუძღვის არა მარტო ქართული თეატრის, არამედ ჟურნალისტიკისა და საგამომცემლო საქმის განვითარებაში. მან დააარსა და გამოსცა: „საქართველოს კალენდრი", „სახალხო კალენდარი“, გაზეთი „ცნობის ფურცელი", ჟურნალები „ნიშადური" და „საქართველო“. ამ პოპულარულმა გამოცემებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართული  საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში XVIII–XIX საუკუნეების მიჯნაზე.

ვალერიან გუნიამ საგამომცემლო მოღვაწეობა დაიწყო 1886 წელს, როცა ვასო აბაშიძემ მას გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ–გამომცემლის უფლება დროებით ჩააბარა. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ვალერიანი ჩინებულად გაუძღვა პირველ თეატრალურ, ყოველკვირეულ სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთს, რომელიც ვიწრო პროფილის მიუხედავად, მშვენივრად ახერხებდა საზოგადოებრივი მოვლენების გაშუქებას. მის ფურცლებზე გაჩნდა სასცენო ხელოვნების შესახებ ქართულ ენაზე დაბეჭდილი პირველი წერილები, რომელთა ავტორი გუნია გახლდათ. „ჩემი შრომა და მეცადინეობა მალე დაეტყო გაზეთს და ხელის მომწერთა რიცხვმა ერთიორად იმატაო“ - წერდა ვალერიანი. მაგრამ, საცენზურო კომიტეტის ზედამხედველობით შეწუხებული, ის იძულებული გახდა საყვარელი გაზეთისათვის თავი დაენებებინა და ილია ჭავჭავაძის მიწვევით გადასულიყო „ივერიაში“, სადაც „ვალიკო–...იას“ ფსევდონიმით ბეჭდავდა წერილებსა და თეატრალურ რეცენზიებს

1887 წელს ვერაგულად მოკლეს დიმიტრი ყიფიანი. გუნიამ ერთ დღეში  დაწერა პატარა ბროშურა „დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი“, ანონიმურად დაბეჭდა გრ. ჩარკვიანის სტამბაში და ხალხში გაავრცელა.  იმხანად გამეფებული მეფის თვითმპყრობელობის მკაცრი რეჟიმი  ყოველგვარ ეროვნულ საქმეს აფერხებდა. ქვეყნის წინსვლის უმნიშვნელოვანეს დამაბრკოლებელ მიზეზს ვალერიანი სწავლა–განათლების იმჟამინდელ მდგომარეომაში ხედავდა, ამიტომ გადაწყვიტა ისეთი წიგნი გამოეცა, რომლითაც წერა–კითხვას მოკლებულ თანამემამულეებს აუცილებელ ცნობებს მიაწვდიდა და ყოფას შეუმსუბუქებდა. 1888 წელს მან გამოსცა „საქართველოს კალენდრის“ პირველი ნომერი. მრავალფეროვნებით გამორჩეულმა კალენდარმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მის თანამედროვე საზოგადოებას და არაერთი საყურადღებო ინფორმაცია შემოუნახა მომავალ თაობებს.  მის ფურცლებზე „სალიტერატურო ნაწილში“, იბეჭდებოდა ქართველ მწერალთა გამოუქვეყნებელი  ნაწარმოებები.

1888–1905 წლებში კალენდრის თოთხმეტი წიგნი გამოიცა. პირველი – ჩარკვიანის სტამბაში დაიბეჭდა. შემდეგი, ათი (1889–1898 წ.წ.) გუნიამ საკუთარ სტამბაში გამოსცა. მუდმივი ეკონომიური პრობლემების გამო, ავტორი იძულებული გახდა გამოცემა დროებით შეეჩერებინა. 1902 წელს გუნიამ კალენდრის განახლების თხოვნით მიმართა „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას“, რომელმაც 1903–1905 წლებში გამოსცა ბოლო სამი წიგნი.

1889–1895 წლებში გუნიამ  გამოსცა დღეს განსაკუთრებულ იშვიათობად ქცეული „სახალხო კალენდარი“. ვალერიანი ყოველმხრივ ცდილობდა მოსახლეობის დაბალ ფენას აუცილებელი განათლების მიღებაში დახმარებოდა. ამ მიზნით მან შეადგინა და 1891 წელს დაბეჭდა „ქართული მიწერ–მოწერის კრებული“ – სრული და ვრცელი სახელმძღვანელო სხვადასხვა ბარათებისა და წერილების შესადგენად. კრებული დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა და ავტორმა იგი 1897 წელს მეორედ გამოსცა.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, მეტად რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში, საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა ქართული პერიოდული გამოცემები: ჟურნალი „იმედი“, გაზეთები „შრომა“, „დროება“, „თეატრი“. 1896 წელს საცენზურო წესდების ერთ–ერთი მუხლის „შებღალვისათვის“ რვა თვით აკრძალეს გაზეთი „ივერია“. მოვლენებითა და ფაქტებით დატვირთულ უაღრესად რთულ ეპოქაში, ქართველ ხალხს საშუალება არ ჰქონდა გაცნობოდა ქვეყნის ჭირ–ვარამს. ბუნებრივია, გაჩნდა  ყოველდღიური გაზეთის არსებობის აუცილებლობა. ამიტომ ვალერიან გუნიამ განიზრახა უაღრესად საჭირო საზოგადოებრივი აზრის წარმმართველი ოპერატიული პერიოდული ორგანოს დაარსება. ასეთ რთულ სოციალურ–პოლიტიკურ პირობებში, ძნელი წარმოსადგენი არ იყო გუნიასათვის გაზეთის დაარსებაზე უარი ეთქვათ, მაგრამ ვალერიანმა ჭკვიანურ ხერხს მიმართა და გაზეთისათვის შეადგინა მარტივი და მშრალი პროგრამა. საცნობარო გაზეთის დაარსების ნებართვას ის უფრო ადვილად მიიღებდა, ვიდრე „საპოლიტიკო და სალიტერატუროსას“, შემდეგ კი ყოველ ღონეს იხმარდა პროგრამის გაფართოებისათვის. ასეც მოხდა. „ცნობის ფურცლის“ პირველი ნომერი  გამოვიდა 1896 წლის 20 ოქტომბერს, 1200 ეგზემპლარის რაოდენობით.

1898 წელს ვალერიანი დაქორწინდა განათლებული და შეძლებული გლეხის – ივანე გომელაურის ასულზე. ნინოს მზითვის ერთი ნაწილით, მან დაქორწინებისთანავე შეიძინა სტამბა. მისი კურთხევა დიდი ნადიმით აღინიშნა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ესწრებოდა. გუნიას ჩანაფიქრი ასრულდა და 1898 წლის აპრილიდან „ცნობის ფურცლის“ ბეჭდვა ქარვასლაში, სასახლის ქუჩაზე გამართულ საკუთარ სტამბაში დაიწყო.

ბეჭდვითი სიტყვისადმი ქართველი ხალხი უდიდეს ინტერესს იჩენდა. ამაზე მეტყველებს ხელისმომწერთა რიცხვის გაზრდა, რომელმაც ჯერ 1500–ს მიაღწია, ხოლო გაზეთის გამოცემიდან ერთი თვის შემდეგ 2200–ს გადააჭარბა. სოლიდური ტირაჟის მიუხედავად, გაზეთი საკუთარ ხარჯებს მაინც ვერ ფარავდა. მას ვალერიანი „საქართველოს კალენდრიდან“ შემოსულ თანხასაც ახმარდა, თუმცა ისიც მცირეოდენი იყო და გუნიამ ჯერ მეუღლის მზითევი, შემდეგ კი სიმამრის ქონებაც მას მოახმარა.

1907 წლის 26 აგვისტოს ვალერიან გუნიამ გამოსცა ყოველკვირეული იუმორისტულ–მხატვრული ჟურნალი „ნიშადური“, რომელშიც ეროვნული მიმართულების პოლიტიკური სატირა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი კრიტიკული წერილები იბეჭდებოდა. გამოიცა ჟურნალის დამატების – „ნიშადურის კრებულის“ მხოლოდ ერთი ნომერი, რადგან 1908 წლის სექტემბერში თბილისის გენერალ–გუბერნატორის განკარგულებით ჟურნალი დაიხურა.

ვალერიან გუნიას შემდგომშიც არ შენელებია შემართება და 1908 წელს დააარსა ყოველკვირეული სალიტერატურო მხატვრული ჟურნალი „საქართველო“, რომელიც  ქვეყნის ავტონომიისა და სხვადასვა სარწმუნოების ქართველთა გაერთიანების  იდეას ემსახურებოდა. ჟურნალის მხოლოდ 11 ნომერი გამოვიდა, დაიხურა თბილისის გენერალ–გუბერნატორის დადგენილების საფუძველზე, „უკიდურესად მავნე მიმართულების“ გამო. ჟურნალ „ნიშადურსა“ და „საქართველოში“ გუნია წერილებს „მონადირეს“ ფსევდონიმით ბეჭდავდა.1908 წლის მეცამეტე ნომრიდან ვალერიანი რედაქტორობდა ყოველდღიურ საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთს „ისარს“. იგი დახურული „მეგობრის“ ნაცვლად, 1907 წელს დაარსდა, როგორც სოციალ–ფედერალისტური პარტიის ცენტრალური ორგანო. მისი ბოლო ნომერი 1908 წლის 29 თებერვალს გამოვიდა.

ამავე, 1908 წელს გუნიამ გამოსცა აკაკი წერეთლის იუბილისადმი მიძღვნილი ალმანახი „აკაკის დღე საქართველოში“. 1909 წელს ვალერიანმა კვლავ  დააარსა ახალი პერიოდული გამოცემა – ყოველკვირეული სალიტერატურო მხატვრული ალმანახი „ერთობა“, რომლის მხოლოდ 2 ნომერი დაიბეჭდა. 

ვალერიან გუნია არაფერს იშურებდა თავისი დაჩაგრული და უფლებააყრილი ქვეყნის ასაღორძინებლად. ჟურნალ–გაზეთებს იგი უსასყიდლოდ უგზავნიდა სტუდენტებს რუსეთში, ვენაში, პარიზსა და სხვა ქალაქებში. საზღვარგარეთიდან არალეგალურად ჩამოტანილი ლიტერატურის გასავრცელებლად მან სპეციალურად დაამზადებინა ჩემოდანი, რომელსაც ორმაგი სარჩული ჰქონდა. მასში საკმაო რაოდენობით თავსდებოდა თხელ პაპიროსის ქაღალდზე დაბეჭდილი არალეგალური ლიტერატურა, რომელსაც ვალერიანი მთელ საქართველოში ავრცელებდა.

ვალერიან გუნიამ მთელი თავისი ნიჭი და ენერგია სამშობლოს სიყვარულსა და საკუთარი ხალხის უანგარო სამსახურს შეალია. იგი ერთის მხრივ სამშობლოს მომავლისათვის საჭირო პიესებს დგამდა სცენაზე, მეორე მხრივ კი ყველასათვის  ხელმისაწვდომ, სახალხო გამოცემებს ბეჭდავდა.

 

იხილეთ:

ვალერიან გუნიას საგამომცემლო მოღვაწეობა  /  ნინო ხვედელიძე  //  მწიგნობარი  '12 : [ალმანახი]  /  საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია.  -  თბილისი, 2012. -  გვ. 130-145.