სახარება. საჩხერის სტამბაში გამოცემული ბოლო წიგნი.
 07/08/2013

სახარება. საჩხერე, 1817 წელი. – 544 გვ.; 11 სმ.  შრიფტი: მხედრული. მესტამბე:  რომანოზ ზუბაშვილი. ყავისფერი ტყავის ყდა მოვარაყებულია ნაზი ორნამენტებით. გამოცემა გაფორმებულია მახარებელთა გრავიურებითა და მთავრული ასოებით. იმერეთის სტამბების პროდუქციის ბოლო გამოცემა, რომელიც დაბეჭდილია დასავლეთ საქართველოში რუსეთის მმართველობის შემოღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. წიგნი დაბეჭდილია საჩხერელი თავადების, წერეთლების სასახლის სტამბაში. ზურაბ წერეთლისა და მისი ძმის, გრიგოლის სახსრებით.

ზურაბ წერეთელი გახლდათ იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონ მეორეს სახლთუხუცესი და სარდალი, რომელმაც ქუთაისის სამეფო სტამბის გაუქმების შემდეგ (1810წ.) თავის თავზე აიღო საეკლესიო წიგნების ბეჭდვის საპასუხისმგებლო მისია. სამწუხაროდ, „სახარების“ გამოცემის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში გატარებული რუსიფიკატორული პოლიტიკის გამო საჩხერის სტამბას მუშაობა აღარ გაუგრძელებია. გამოცემის რედაქტორია გელათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ზაქარია არქიმანდრიტი (გურგენიძე). მას დიდი წვლილი მიუძღვის იმერეთის სტამბებში დაბეჭდილი სასულიერო შინაარსის ლიტერატურის გამოცემის საქმეში. (FS 3.740/09).