ფოტოგრაფი. sHEROes : [2008 წლის აგვისტოს ომი : ფოტოწიგნი
 31/01/2019

წარმოდგენილ წიგნში ავტორი 2008 წლის ომის შესახებ ერთ დიდ ამბავს გვიყვება. ამბის მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა. ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს,  ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაკარგეს და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შესძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში. შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ქალები და ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან-არაერთი ქალი ხდება ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი. ისტორია ხშირად ივიწყებს იმასაც, რომ ქალების მტკიცე ნებისა და განუზომელი ძალის წყალობით, არაერთი ბრძოლის ბედი გადაწყვეტილა, არაერთი ადამიანის ბედი შეცვლილა.  sHEROes  სწორედ ასეთი ქალების - რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია-დანაკარგით,ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად იმედით სავსე.