დაბადება
 04/10/2013

  პირველნაბეჭდი ქართული ბიბლია. გამოიცა 1743 წელს მოსკოვის მახლობლად, დაბა ვსეხსვიატსკოეში. არქიმანდრიტ იოსებ სამებელის მიერ ამოქმედებულ ქართულ სტამბაში. ვახტანგ მეექვსის ვაჟის, ბაქარ ბატონიშვილის ბრძანებითა და ხარჯით ბეჭდვა განახორციელა ქრისტეფორე გურამიშვილმა, მღვდლების – ფილიპესა და დავითის შემწეობით.იოსებ სამებელს სინოდი მკაცრად თხოვდა, რომ ქართული გამოცემის ტექსტები იმ დროისათვის რუსეთში მოქმედი საეკლესიო წიგნების ზუსტი შესატყვისი ყოფილიყო, ამასთანავე სინოდისთვის წარედგინა გასაკონტროლებლად გამოცემული წიგნების ეგზემპლიარი.

ამ მოთხოვნის შეუსრულებლად, 1743 წელს დაბეჭდეს „დაბადება“, ის ბიბლია, რომლის ტექსტის გამართვაზეც ჯერ კიდევ არჩილ მეფეს „დიდად დაშვრა“, რედაქტორი ვახუშტი ბატონიშვილი იყო, ვახტანგ VI-ის ძე. დაბეჭდილი 300 ეგზემპლარიდან საქართველოს ეკლესია მონასტრებში გასაგზავნად განკუთვნილი 100 ცალი ბაქარ ბატონიშვილისეული მიძღვნის ტექსტით, ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს იყო დატყვევებული რუსეთის საბაჟოს მიერ. ამ ბიბლიის უნებართვოდ ბეჭდვის გამო, დახურეს სტამბაც. ეროვნული ბიბლიოთეკის ეგზემპლარი K 74/609 ერთ–ერთ იმათთაგანია, ნინოწმინდის ეკლესიისადმი გაგზავნილი.