ფესტოსის დისკო.
 21/02/2014

1908 წელს ლუიჯი პერნიეს მიერ კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ფესტოსში აღმოჩენილი ე.წ. ფესტოსის დისკო, როგორც ვარაუდობენ, ძველი წელთაღრიცხვის 2000 წლით თარიღდება. 16 სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე დისკოს წარწერა შესრულებულია ოქროსაგან საგანგებოდ დამზადებული "საბეჭდ" ქვებზე. ამ თვალსაზრისით ტექსტი წარმოადგენს მსოფლიოში ჯერჯერობით ცნობილ ყველაზე ძველ ნაბეჭდ ტექსტს. იგი გუტენბერგის მიერ დაბეჭდილ პირველ ევროპულ წიგნებს (1440-1445) დაახლოებით 3500 წლით უსწრებს წინ. წარწერის შესრულების ტექნიკასთან დაკავშირებით საინტერესოა გერმანელი მკვლევარის დიტერ რუმპელის მიერ დიუსელდორფში ჩატარებული სამუშაო. მან თვითონ დაამზადა დისკოზე აღბეჭდილი ქალღმერთის მსგავსი ოქროს ყალიბი და ამ ყალიბით თიხაზე დაბეჭდა გამოსახულება, შემდეგ თიხა გამოწვა (ანუ მან, ფაქტიურად, გაიმეორა დისკოს ტექსტის შექმნის პროცესი).

რუმპელის მიერ დაბეჭდილი გამოსახულება გამოწვის შემდეგ უფრო ნატიფი და მკვეთრი გახდა. მისი აზრით, ოქროს აქვს თიხაში შეღწევის ქიმიური თვისება, რითაც იქმნება მტკიცე შენაერთი, რომელსაც შეუძლია საუკუნეები გაძლოს. ლუი გოდარი თვლის, რომ თიხაზე ოქროს ყალიბებით ბეჭდვა საერთოდ ბეჭდვის ყველა სხვა საშუალებაზე უფრო გამძლე და მტკიცეა. დ. რუმპელის მიერ სხვა მეტალის ყალიბით დაბეჭდილი გამოსახულებები არ გამოდგა ასეთი მკვეთრი - ისინი გაფუჭდა და დაიფშვნა. როგორც ცნობილია, კოლხური წარმოშობის კორიბანტები ფლობდნენ წერის სპეციფიკურ ხელოვნებას, რომელსაც ძველი ბერძენი ავტორები "ოქროთი წერას" (ოქროდამწერლობას) უწოდებდნენ. კორიბანტებმა ამ ხელოვნებით შექმნილი წარწერები ჩაიტანეს კრეტაზე და ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულებზე. უახლესი ვერსიით, ვერძის ტყავზე აღწერილი იყო, თიხაზე ოქროთი წერის ტექნიკა. ქართველ მკვლევართა აზრით, სავარაუდოდ, სწორედ ამ მნიშვნელოვანი ხელოვნების ამოსაცნობად ჩამოვიდნენ არგონავტები კოლხეთში.