ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა 1890 წელს დაიწყო. მისი პირველი დაბეჭდილი წერილი მოთავსებული იყო მაშინდელ ქართულ ორგანოში „ივერია"-ში და სათაურად ჰქონდა „აღწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელნაწერთა". 28 წლის განმავლობაში მან გამოაქვეყნა ქართულად და რუსულად 56 დიდი და პატარა გამოკვლევა და შრომა. ექვთიმეს სამეცნიერო მოღვაწეობა ოთხ მთავარ დარგს ეხებოდა: 1. სიძველეთამეცნიერებას, ანუ არქეოლოგიას. 2. სამწერლობო წყაროების შესწავლასა და აღწერილობას. 3. ქართული მწერლობის ისტორიას და 4. საისტორიო ძეგლების გამოქვეყნებას.
ეს წიგნიც დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის (წმ. ექვთიმე ღმრთისკაცი) ცხოვრებისა და შემოქმედების სრულყოფილი წარმოჩენის ცდაა. მასში დაბეჭდილია ქვეყნის წამყვან მეცნიერთა სტატიები დიდი ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. გამოქვეყნებულია (ძირითადად პირველად) უმნიშვნელოვანესი საარქივო მასალები, რომელიც ნათელს ჰფენს დიდი ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა საკითხს. რეალურადაა წარმოჩენილი ქვეყნიდან გატანილი განძის საქართველოში დაბრუნების რეალობა. წარმოდგენილია დაბრუნებული განძის ერთი ნაწილის ილუსტრაციები.