თქვენს წინაშეა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის-ეთნომუსიკოლოგის გიორგი კრავეიშვილის მონოგრაფია, რომელიც ძირითადად 2010-19 წლებში სხვადასხვა სოფელში ჩაწერილი მასალებისაგან შედგება. ეს ნაშრომი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2018 წელს დაცული ამავე სახელწოდების დისერტაციის შესწორებული და შევსებული ვარიანტია. ქართულ ეთნომუსიკოლოგიაში პირველად ამ ნაშრომშია ფუნდამენტურად განხილული საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მუსიკალური ფოლკლორი. გიორგიმ 2011 წლიდან ძირეულად დაიწყო საქართველოს მოწყვეტილი კუთხეების მუსიკალური ფოლკლორის შესწავლა. სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიოდა : საინგილოში, გაღმა ლაზეთში, ასევე ტაოში, იმერხევში შავშეთსა და კლარჯეთში საქართველოსთვის უცნობი ქართული მუსიკალური ფოლკლორის დაფიქსირებისა და შესწავლის მიზნით. მონოგრაფია დააინტერესებს როგორც სპეციალისტებს, ისე მომიჯნავე დარგების მკვლევარებს, ფოლკლორულ ანსამბლებსა და, უბრალოდ ფოლკლორის მოყვარულებს.