ბეჭდვითი სიტყვა თბილისში (1918-1921 წწ.)
 03/12/2021

ბეჭდური სიტყვა თავისი ნაირსახეობებით ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. მისი მრავალფეროვნება, თემატიკა და ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თავად კულტურის დონესა და ხასიათს. სწორედ თბილისში გაშლილი მრავალფეროვანი საგამომცემლო საქმიანობა, აქაური ბიბლიოთეკები, სტამბები და მათი მფლობელები, გამომცემლები და მათი ნაბეჭდი პროდუქცია, წიგნები, პერიოდული და სხვა გამოცემები არის ამ წიგნის მთავარი თემა. საქართველოს პირველ რესპუბლიკაში გარკვეული ყურადღება მიექცა ეროვნული კულტურის დაცვას, მოვლა-პატრონობას, შესწავლასა და პოპულარიზაციას. დაფუძნდა საქართველოს მუზეუმი, ცენტრალური სამეცნიერო არქივი, ეროვნული გალერეა, საქართველოს დამფუძნებელ კრებასთან ჩამოყალიბდა ბიბლიოთეკა, მოეწყო ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენა, ქართველ მხატვართა ნამუშევრების ექსპოზიცია, განხორციელდა რამდენიმე კვლევითი ხასიათის ექსპედიცია ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღწერა-ფიქსაციის მიზნით და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი რესპუბლიკის მესვეურებსა და პოლიტიკურ ლიდერებს კარგად ესმოდათ წიგნის, ჟურნალისა თუ გაზეთის ისტორიული ფასეულობა. ამის შემდეგ იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონი „ ბეჭდვითი სიტყვის ნაწარმოების მთავრობისათვის წარდგენის შესახებ". კანონმა წარმატებით იმუშავა: 1918-1921 წლებში გამოცემული თითქმის ყველა ნაბეჭდი პროდუქცია შემორჩა ჩვენს სიძველეთსაცავებს. კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში აქ 600-მდე დასახელების წიგნი, 60-მდე ჟურნალი და 150-ზე მეტი გაზეთი გამოიცა. ამ მასალის, - ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შეუცვლელი პირველწყაროს კომპლექსური შესწავლა, გააზრება და ერთ წიგნში თავმოყრა გაადვილებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის, განსაკუთრებით კი მისი დედაქალაქის კულტურული პროგრესის სრულფასოვნად აღქმას. წინამდებარე წიგნი 1918-1921 წლების ბეჭდვითი სიტყვა კლასიფიცირებულია თემატურად, დალაგებულია ქრონოლოგიისა და ანბანის რიგის მიხედვით, ახლავს სათანადო გამოკვლევა და ილუსტრირებულია მრავალრიცხოვანი ფოტო მასალით.