აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ტრადიციები და რიტუალები საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა, ამიტომ, საკმაოდ ტრანსფორმირებული სახითაა შემორჩენილი. მათში შემონახულია არა მხოლოდ ხანგრძლივ სამეურნეო-შრომით პროცესში დაგროვილი ემპირიული გამოცდილება, არამედ ხალხის საქმიანობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ბევრი სხვადასხვა ტრადიცია, სულიერი კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ელემენტი: რწმენა-წარმოდგენები, მაგიურ-რელიგიური რიტუალები და დღესასწაულები, სიმბოლოები, სიტყვიერი მაგია, სარიტუალო კერზები, რომლებიც თითქმის ყველა დღესასწაულს ამშვენებდნენ, ხალხური რელიგიური აზროვნების სხვადასხვა ასპექტი. აჭარის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის უნიკალურობა სწორედ იმაშია, რომ აქ, თურქთა სამასწლოვანი ბატონობის, რელიგიურ რწმენათა და კულტურულ ფასეულობათა სიჭრელის პირობებშიც კი, შემოინახეს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციები. აჭარულ ტრადიციებთან ერთად, ზოგიერთი ლაზური რიტუალიც განიხილება, რადგან აჭარაში მცხოვრები ლაზების ტრადიციული ყოფა გადაჯაჭვულია აჭარულ წეს- ჩვეულებებთან.