ძვირფასო მკითხველებო,

პარასკევს, 9 თებერვალს, 18:15 საათზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გიწვევთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის გახსნაზე "American Film Showcase". თვეში ორჯერ, ჩვენი ბიბლიოთეკის მეგობრისა და ყველასთვის საყვარელი მასწავლებლის, ჯედ გურლის ხელშეწყობით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამერიკულ ფილმებს და ინგლისური ენა მათი განხილვის საშუალებით შეისწავლონ. ეს ეხება როგორც წარმოდგენილი ფილმების თემატიკას, ასევე მათში გაჟღერებულ ფრაზებსა და ლექსიკას.

9 თებერვალს, 18:15 საათზე, წარმოგიდგენთ მაიკლ ფიორესა და ერიკ შარკის ფილმს "ფლოიდ ნორმანი: ცხოვრება, როგორც მულტფილმი" (2015, აშშ).
ფლოიდ ნორმანი დისნეის მულტფილმების ანიმატორია. 81 წლის ლეგენდარული ხელოვანი ყველა იმ მულტფილმზე მუშაობდა, რომელიც ჩვენ ბავშვობიდან გვახსოვს ("მძინარე მზეთუნახავი", "101 დალმატინელი", "ჯუგნლების წიგნი" და მრავალი სხვა). ის პირველი აფრო-ამერიკელი მულტიპლიკატორია, რომელიც ფილმში თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გვიყვება, ამასთანავე, დისნეის კომპანიის მუშობასაც კულისებს მიღმა გვაცნობს. აღსანიშნავია, რომ საპენსიო ასაკის შესრულებისას, ფლოიდ ნორმანმა უარი თქვა მუშაობის შეწყვეტაზე და იმავე კომპანისთან მოხალისედ თანამშრომლობას აგრძელებს.
ამ ფილმს გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" რეცენზენტებმა "გადამდები სიხარული" უწოდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით, პროექტი "American Film Showcase" მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, დამოუკიდებელი რეჟისორების წარმატებული ფილმებისა და ანიმაციების მეშვეობით, ამერიკულ კულტურას, ხელოვნებასა და საზოგადოებას გაგვაცნობს. პროექტის პარტნიორია აშშ კალიფორნიის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიული ხელოვნების ინსტიტუტი.
გელით ყველა მსურველს ბავშვებთან ერთად, დასწრება თავისუფალია!
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპის სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში