31 ოქტომბერს 16:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიხსნება გამოფენა „კორეული „ლითონის წიგნები'' და ქართული ხელნაწერები".
გამოფენის მიზანია საზოგადოებას წარვუდგინოთ ორი უძველესი და დიდი კულტურის მქონე ქვეყნების - კორეისა და საქართველოს - ნაბეჭდ წიგნთა და ხელნაწერთა გამორჩეული ნიმუშები, რომლებიც სრულიად განსხვავებული კულტურული ტრადიციის მატარებლები არიან. ფართო აუდიტორია გაეცნობა კორეული ლითონის წიგნებისა და ქართული დამწერლობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. გამოფენის ფარგლებში, საგანგებოდ ჩამოტანილი ტექნიკის დახმარებით, ლექციაზე იხილავთ კორეული წიგნის ბეჭდვის უძველეს ხელოვნებას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კორეული ნაბეჭდი წიგნები და შუასაუკუნეების ქართული ხელნაწერები: ბეჭდვის უძველესი ტექნოლოგიის ნიმუშები, VII საუკუნის, პირველი ჩვენამდე სრულად მოღწეული ხელნაწერი - ხანმეტი ლექციონარი, შატბერდის მონასტერში გადაწერილი X საუკუნის ჯრუჭის სახარება, თამარ მეფის კუთვნილი ვანის სახარება და სხვა.