ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 16/06/2026

16 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ჩვენს მომავალ მკითხველებს ჩაუტარდათ ექსკურსია, რომლის ფარგლებშიც დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი, სადაც ძველნაბეჭდი წიგნების შესახებ ინფორმაცია მიიღეს; მოინახულეს პრესის მუზეუმი, სადაც ქართული პერიოდიკის ისტორია მოისმინეს; დაინტერესდნენ საბიბლიოთეკო საქმით - დაათვალიერეს ძველი კატალოგები, დააკვირდნენ გაზეთებისა და ფოტოების გაციფრების პროცესს.

ელექტრონული რესურსების ორგანიზაციის განყოფილების უფროსმა ქეთევან თომაძემ მოსწავლეებს თავად გააცნო ციფრულ ბაზებში მასალების განთავსების პროცესი. კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების უფროსი გიული პაქსაშვილი მოსწავლეებს ფურცლის, ყდის, ფოტოს რესტავრაციის თავისებურებებზე ესაუბრა და რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

ექსკურსიები ეროვნულ ბიბლიოთეკაში გრძელდება და ბიბლიოთეკის მუშაობას ათეულობით ახალგაზრდა ეცნობა. ვისაც ჯერ არ გინახავთ ჩვენი ისტორიული შენობები და მუზეუმები, ყველას გიწვევთ ამ საინტერესო და უკვე ძალიან პოპულარულ „მარშუტზე“ სამოგზაუროდ.