შეხვედრა ფრანგ გამომცემლებთან ფრანგულ ინსტიტუტში
 26/01/2018

26 იანვარს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში (გუდიაშვილის 7) ფრანგმა გამომცემლებმა, ქალბატონებმა ან-სოლანჟ ნობლიმ, ვიოლენ ფოკონმა და ლიზ ბელპერონმა წარადგინეს გამომცემლობები გალიმარი, ლ'ოლივიე და მეტელიე. 

შეხვედრა ჩატარდა პროექტის ფარგლებში, რომელიც ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში მკითხველებს სთავაზობს შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 

საგამომცემლო სახლი გალიმარი დაარსდა 1911 წელს გასტონ გალიმარის, ანდრე ჟიდის და ჟან შლიუმბერჟერის მიერ ცნობილ ჟურნალ "ნუველ რევიუ ფრანსეზის" ბაზაზე. ამჟამად საგამომცემლო სახლის დირექტორია დამფუძნებლის შვილიშვილი გასტონ გალიმარი. გამომცემლობა მრავლად აქვეყნებს ფრანგულ და უცხოურ ლიტერატურას, ასევე წიგნებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე. გალიმარის კატალოგი წარმოდგენილია 40000 წიგნით, 9000 ავტორით, რომელთაგანაც 36 მწერალი გონკურის პრემიის ლაურეატია, 38 მწერალს მიღებული აქვს ნობელის პრემია და 10 ავტორი დაჯილდოებულია პულიცერის პრემიით. საფრანგეთში გამომცემლობა გალიმარი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან საგამომცემლო სახლად, მის ავტორებს შორის არიან ალბერ კამიუ, ჟან-პოლ სარტრი, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, ანდრე ჟიდი, ჟან-მარი-გუსტავ ლე კლეზიო და სხვები. ქალბატონი ან-სოლანჟ ნობლი გამომცემლობა გალიმარის საავტორო უფლებების განყოფილების ხელმძღვანელია.
საგამომცემლო სახლი ლ'ოლივიე დაარსდა 1994 წელს ლ'ოლივიე კოენის მიერ და საგამომცემლო სფეროში სახელი დაიმკვიდრა ამერიკული ლიტერატურის და ისეთი ფრანგი ავტორების წიგნების გამოცემით, როგორებიც არიან: ოლივიე ადამი, ვერონიკ ოვალდე, მარტენ პაჟი და სხვები. ამას ემატება მათი მნიშვნელოვანი კოლექციები "აზროვნება/ოცნება", რომელშიც გაერთიანებულია წიგნები ფსიქოლოგიისა და ლიტერატურის ზღვარზე და გრაფიკული რომანების ციკლი. გამომცემლობა ლ'ოლივიე წელიწადში 40 წიგნს გამოსცემს. ქალბატონი ვიოლენ ფოკონი გამომცემლობა ლ'ოლივიეს საავტორო უფლებების განყოფილების ხელმძღვანელია.
საგამომცემლო სახლი მეტელიე დაარსდა 1979 წელს, მას ხელმძღვანელობს ან-მარი მეტელიე. ამჟამად გამომცემლობის კატალოგი წარმოდგენილია 1000 დასახელების წიგნით და მოიცავს გერმანულ, შოტლანდიურ და ანგლო-საქსონურ ლიტერატურას, ასევე იტალიური და ისლანდიური დეტექტიური რომანების ციკლს. გამომცემლობას დიდი წარმატება მოუტანა იმ დროისთვის უცნობი ჩილელი ავტორის ლუის სეპულვედას წიგნის "მოხუცი, რომელიც სასიყვარულო რომანებს კითხულობდა" გამოცემამ. წიგნმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და ნამდვილ ბესტ-სელერად იქცა. ამ მოვლენის წყალობით გამომცემლობამ სტაბილურობას მიაღწია და მას საშუალება მიეცა, წარმატებით შეხვდეს ახალ გამოწვევებს. ქალბატონი ლიზ ბელპერონი მუშაობს გამომცემლობა მეტელიეს საავტორო უფლებების განყოფილებაში.