შეხვედრა გურამ ჩიქოვანთან
 06/02/2019

6 თებერვალს 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ გურამ ჩიქოვანის ლექცია გაიმართება. ლექცია შეეხება 2018 წელს ცენტრალურ აზიაში ჩატარებულ სამეცნიერო მოვლინებას.

ქართული არაბისტიკის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ცენტრალური აზიის პერიფერილი არაბული, რომელსაც გასული საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა აკადემიკოსმა გიორგა წერეთელმა. საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში დღემდე არ განელებულა ინტერესი ცენტრალური აზიის ბუხარისა და კაშკადარიის არაბული დიალექტების მიმართ, რომლებიც VII-VIII საუკუნეებში მოსწყდნენ არაბულ სამყაროს და საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდნენ დამოუკიდებლად სპარსულ (ტაჯიკურ) და თურქულ (უზბეკურ) ენებთან თანაარსებობის პირობებში. შედეგად მივიღეთ ენობრივი ფენომენი, რომელიც ფასეულია ერთი მხრივ არაბული (სემიტური) ენების ისტორიისა და, მეორე მხრივ, ენობრივი კონტაქტების კვლევის თვალსაზრისით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან და ფასდაუდებელ მასალას შეიცავს ცენტრალურ აზიაში გიორგი წერეთლისა და გურამ ჩიქოვანის ჩანაწერები ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის, ქართულ-არაბული ენობრივი ურთიერთობების კვლევის თვალსაზრისითაც. ამ საკითხზე მომხსენებლის მიერ იქნება ყურადღება გამახვილებული.

2018 წლის ნოემბერში, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გურამ ჩიქოვანი სამეცნიერო მივლინებით კვლავ იმყოფებოდა ცენტრალურ აზიაში აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ ზვიად ცხვედიანთან ერთად. ექსპედიციის შედეგად უზბეკეთის ბუხარისა და კაშკადარიის არაბულენოვან ყიშლაღებში გამოვლინდა მეცნიერული თვალსაზრისით უაღრესად საყურადღებო ფაქტები.

პროფ. გურამ ჩიქოვანი არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული საზოგადოების წევრი და საპატიო წევრი. მათ შორის არაბისტ დიალექტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციისა (AIDA) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების წევრი.