ბავშვთა საერთაშორისო დღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 01/06/2026

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სპეციალური სივრცე მოეწყო, სადაც მთელი დღის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან მოწვეულ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და მათთვის შედგენილი პროგრამა გააცნო ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ. ის პატარა სტუმრებს ამ დღის დაარსების ისტორიაზე და მნიშვნელობაზეც ესაუბრა.  

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ: „1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - განსაკუთრებული თარიღია, რადგან ეს დღე მთლიანად ბავშვებს, მათ სიხარულს, განვითარებასა და მომავალს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ტრადიციულად, უერთდება ამ დღესასწაულს. ჩვენი სურვილია, ბავშვებისთვის ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების საცავი არ იყოს. გვინდა, მათთვის ეს სივრცე იქცეს აღმოჩენების, თამაშის, შემოქმედებისა და შთაგონების ადგილად. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელმაც გააერთიანა როგორც ლიტერატურა და ხელოვნება, ისე თანამედროვე ტექნოლოგიები და შემოქმედებითი აქტივობები. ვფიქრობთ, ასეთი დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, თავისუფლად იფიქრონ, იკითხონ, შექმნან და საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინონ."

ბავშვები შეხვდნენ მწერალ მარიამ წიკლაურს, რომელიც პატარა სტუმრებს საბავშვო ლიტერატურასა და თავის ნაწარმოებებზე ესაუბრა. ხატვით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა ზაალ სულაკაურის სტუდიის პედაგოგებთან ერთად შექმნეს ნამუშევრები და თავად ზაალ სულაკაურის ავტოგრაფებიც დაიმსახურეს. ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრატორებმა ბიბლიოთეკის მომავალ მკითხველებს წიგნის რესტავრაციის ტექნიკა გააცნეს. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ცნობილ მხატვარსა და ილუსტრატორს ნინო ჩაკვეტაძეს. მან პატარებს პოეზიის ნიმუშების მხატვრულად გაფორმების მასტერკლასი ჩაუტარა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებულთათვის კომპიუტერული თამაშის შექმნის ელემენტები წარმოადგინეს დიზაინისა და ანიმაციის სკოლის წარმომადგენლებმა გიორგი და ელენე აბელაშვილებმა.

მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი მოსწავლეებს „ჰარი პოტერზე" ესაუბრა; ბავშვებს მოზაიკის ტექნიკა წარუდგინეს სტუდია „მოზაიკოს" მენტორებმა.