20 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში რაულ ჩილაჩავას თარგმანების - გალაკტიონ ტაბიძისა და პავლო ტიჩინას ბილინგვური პოეტური კრებულების - "მთაწმინდის მთვარე" და "ქარი უკრაინიდან" - წარდგენა გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.
„ჩვენ შევიკრიბეთ არა მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი წიგნის პრეზენტაციისთვის, არამედ ორი დიდი კულტურის - ქართული და უკრაინული სულიერი სიახლოვის, ისტორიული მეგობრობისა და ლიტერატურული დიალოგის აღსანიშნავად. დღეს წარმოდგენილი გამოცემები - გალაკტიონ ტაბიძის ლექსების უკრაინული თარგმანები და პავლო ტიჩინას ნაწარმოებების ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები - არის არა უბრალოდ ლიტერატურული ტექსტები, არამედ ხიდები ხალხებს შორის, კულტურებს შორის, მეხსიერებებს შორის. ამ ღონისძიების მთავარი ფიგურა კი გახლავთ ქართველი პოეტი, მთარგმნელი, მეცნიერი, დიპლომატი, პროფესორი და ქართული-უკრაინული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მოღვაწე რაულ ჩილაჩავა. რაულ ჩილაჩავას სახელი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ქართული ლიტერატურის ფარგლებს. ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი და სამეცნიერო ცხოვრება მიუძღვნა ორი ერის - ქართველებისა და უკრაინელების - კულტურულ დაახლოებას", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
რაულ ჩილაჩავამ ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნების გამოცემისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.