თამილა მგალობლიშვილის ხსოვნის საღამო
 10/05/2018

10 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრის" ორგანიზებით თამილა მგალობლიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრის" მიერ 1997-2018 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია. პროექტები განხორციელდა თამილა მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით.

თამილა მგალობლიშვილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევების სფეროს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მიეძღვნა საქართველოში ადრეული ქრისტიანობის, შუა საუკუნეებში საქართველო-წმინდა მიწის ისტორიული და კულტურული კონტაქტების, საზღვარგარეთ დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევას. 

1997 წელს თ. მგალობლიშვილმა დააარსა „ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრი", რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და უცხოეთში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევა ინტერდისციპლინური კუთხით, აგრეთვე ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების ხელშეწყობა.

თ. მგალობლიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით  „ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრმა" ჩაატარა 15-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია ისრაელში, იორდანიასა და ისტორიულ ანტიოქიაში. ექსედიციების შედეგად აღნუსხულ და შესწავლილ იქნა  წმ. მიწის ქართულ ქრისტიანულ თემთან დაკავშირებული  40-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი, საეკლესიო ნივთები (ნაქარგობები), ხელნაწერები და ეპიგრაფიკული წარწერები.

თ. მგალობლიშვილი ავტორია მრავალი საყურადღებო სამეცნიერო მონოგრაფიისა და ასეულობით სტატიისა, რომლებიც გამოცემული საქართველოსა და უცხოეთში.