29 მაისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი" იტალიის საელჩოსთან ერთად, ტრადიციულად, საზეიმოდ აღნიშნავს ,,დანტეს დღეს".
საღამოზე იტალიის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანტონიო ენრიკო ბარტოლის, ჩვენს ქვეყანაში იტალიური ენისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების'' უმაღლესი ჯილდო - საპატიო დიპლომი და ოქროს მედალი.
,,დანტეს დღისადმი'' მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება წარმოადგენს აგრეთვე ერთგვარ შემაჯამებელ საღამოს კონკურსისა, სახელწოდებით „იტალსიმპატია", რომლის მიზანია საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია. კომპეტენტური ჟიურის მიერ კონკურსის სხვადასხვა კატეგორიებში გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ღონისძიებაზე მოწვეული საზოგადო მოღვაწეების მიერ.
ღონისძიებას დაესწრებიან ხელოვნების სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, იტალიის და შვეიცარიის საელჩოების თანამშრომლები, იტალიური ენისა და კულტურის მოყვარულები და სხვა სტუმრები.