ელექტრონული რესურსები ქართული ტერმინოლოგიის კორპუსისათვის
 13/04/2017

13 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა, სა­ქარ­თველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლი­ოთე­კამ საზოგადოებას წარუდგინეს  ერთობლივი პროექტი  - ელექტრონული რესურსები ქართული ტერმინოლოგიის კორპუსისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტერმინოლოგიური სკოლა საუკუნეებს ითვლის და ენის ფუნქციონირების ყველა სფეროში მდიდარი ტერმინოლოგიური მემკვიდრეობა არსებობს, დღეს საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ტერმინოლოგიური სიჭრელე არსებითად ყველა დარგში. გაუმართავი ენი­თა და გაურკვეველი ტერმინებით იწერება სახელმძღვანელოები, სამეცნიერო შრომები და, შე­საბამისად, ასეთივე ქართულია გაბატონებული მედიასივრცეშიც.

ბოლო წლების უმართავმა ენობრივმა პროცესებმა, სახელმწიფო ენის კანონის არარსებობამ ხელი შეუწყო ტერმინოლოგიური მუშაობის ფაქტობრივ მოშლას. სახელმწიფოს მიერ არა­კო­ორდინირებულად დაფინანსებულმა  ტერმინოლოგიურმა პროექტებმა  დამატე­ბითი პრობ­ლემები შეუქმნა ენას: ხშირად სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს ერთი და იმავე დარგის ტერ­მი­ნოლოგიაზე, რასაც შეუძლებელია   დადებითი შედეგი მოჰყვეს.

შექმნილი ვითარებიდან  ერთადერთი გამოსავალი არსებობს: ერთ ელექტრონულ ბაზაში  მოეყაროს თავი დარგობრივ ტერმინოლოგიურ ლექსიკონებს (ასეთი ასზე მეტია), გაგრძელდეს მისი განხილვა-შესწავლა და დარგის სპეცია­ლის­ტების, ლინ­გვისტ-ტერმინოლოგებისა და სახელმწიფო ენის კომისიის ერთობლივი სამეცნიერო მუშაობით დადგინდეს ნორმატიული ტერმინები, რომლებსაც დაეყრდნობა სხვადასხვა დარგის სამეც­ნი­ე­რო ლიტერატურა თუ, ზოგადად, საქმისწარმოება საქართველოში.

მოწესრიგებული ტერმინოლოგიური ბაზები, რომლებშიც შესაძლებელია ისტორიის გაცნობაც და მასზე დაყ­რდნო­ბით ახლის შექმნაც, უკვე არსებობს ევროპის მრავალ ქვეყანაში.  მრავალენოვანი ტერმინოლოგიური რესურსების თავმოყრა საშუალებას მოგვცემს შევუერთდეთ ევროპის ტერ­მი­ნოლოგთა საზოგადოებას, რომლის მთავარი მიზანია: „მოამზადოს საფუძველი საერთო ევროპული ტერმინოლო­გიური საქმიანობის განვითარებისა და მოწესრიგებისთვის, აამაღლოს ცნობიერება ტერმი­ნოლოგიური საქმიანობის შესახებ, ხელი შეუწყოს ტერმინოლოგიური სფეროს პროფესიულ დონეზე განვითარებას" („ევროპის ტერმინოლოგიური ასოციაცია", მუხლი 2, 1).