ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა
 11/12/2017

11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  გამოფენა "ჩარევა სასურველია", რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი გერმანულენოვანი მწერლის ჰაინრიჰ ბიოლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამახველი მასალები.

ჰაინრიჰ ბიოლი იყო ცნობილი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1972 წ.), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ის ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში 1966 და 1972 წლებში. ჰაინრიჰ ბიოლს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ქართველ გერმანისტებთან: ნოდარ კაკაბაძესთან, ბუბა ყარალაშვილთან და ნელი ამაშუკელთან, ასევე ფილოსოფოსებთან - გივი მარგველაშვილთან და ზურაბ კაკაბაძესთან.

2017 წელს აღინიშნება ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილე. ამ თარიღის აღსანიშნავად ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მართავს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის გამოფენებს ქუთაისში, თბილისსა და ერევანში.

გამოფენა 17 დეკემბრამდე გაგრძელდება.