ანთიმოზ გორგაძის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 17/10/2024

15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თბილისობისადმი მიძღვნილი გამოფენა „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს" გაიხსნა.

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს დამსახურებული მხატვრის ანთიმოზ გორგაძის (1924-1970) ნამუშევრები.

ხანმოკლე სიცოცხლე და ნამუშევრების გასაოცარი სიმრავლე ხელოვანის გამორჩეულ ნიჭიერებაზე მიუთითებს. ვერც მისი მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები იტევენ მასთან ყოფნის სიხარულსა და უმისობის ტკივილს. 

„ის გულუხვად გასცემდა თავისი შურისმომგვრელი ნიჭის ნაყოფს და არაფერს  იტოვებდა თავისთვის. გასცემდა ყველაზე ძვირფასს  - სიცოცხლისადმი აღტაცებულ სიყვარულს და იმედს. მას კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, უნდოდა მოეთხრო ვიღაცისთვის... წავიდა ცხოვრებიდან და ხელოვნებიდან ალიკო და დარჩა სილამაზე", - ამბობს ჟანი მეძმარიაშვილი.

„მახვილი თვალი, ნატიფი ხელოვნება და განსაკუთრებული მხატვრული აზროვნება ალიკოს საშუალებას აძლევდა სახვით ხელოვნებაში ახალი ორიგინალური გზები გამოენახა", - ამბობს ლადო გუდიაშვილი.