ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
 30/04/2025

30 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს რეგიონების ბიბლიოთეკებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აუდიტორიას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ. „ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკაა, რომელიც კოორდინაციას უწევს საბიბლიოთეკა საქმეს მთელს ქვეყანაში. ჩვენი ბიბლიოთეკა თანამედროვეობის გამოწვევებსაც პასუხობს - გვაქვს საზოგადოებისთვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ციფრული ბაზები. ბიბლიოთეკარის დღეს ვაჯილდოვებთ ბიბლიოთეკარებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებაში", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონული ბიბლიოთეკების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაქმნის მნიშვნელობას.  

ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ია გორგიშელმა და ელექტრონული რესურსების ორგანიზაციის განყოფილების უფროსმა ქეთევან თომაძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკა ამ თარიღს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ღონისძიებას უძღვნის. 2025 წელს ბიბლიოთეკარის დღე მასშტაბურად აღინიშნა, სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები როგორც ეროვნული ბიბლიოთეკიდან, ისე რეგიონებიდან. სიგელები, საჩუქრები და დიმიტრი ყიფიანის მედლები გადაეცათ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს: ტატიანა მაჭავარიანს, დოდო ცინცაბაძეს, იამზე ონიანსა და ეთერ იმნაძეს.

დარბაზში, ღონისძიების პარალელურად, წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ბოლო პერიოდში შეძენილი იშვიათი გამოცემები, ფოტოები, ხელნაწერები.