ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი გეხტმანის სახელობის კაბინეტი გაიხსნება
 24/05/2023

 

24 მაისს 18.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი პირველი დირექტორის, საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გიორგი გეხტმანის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.  ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საბიბლიოთეკო საქმის წახალისების მიზნით გიორგი გეხტმანის შთამომავლების, საქართველოს კულტურის აკადემიისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაჯილდოვდებიან ბიბლიოთეკარები.

გიორგი გეხტმანის უშუალო დამსახურებით ბიბლიოთეკას გადაეცა სათავადაზნაურო ბანკის შენობა (დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი). 1923–1930 წლებში საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის რანგში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ბიბლიოთეკის ფონდების ორგანიზაციის სტრუქტურა და შემოიღეს ფონდების ფორმატულ-ინვენტარული განლაგება ენების მიხედვით. 

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი გეხტმანის მოღვაწეობა მრავალმხრივია: იგი იყო თბილისის სკოლების კლასგარეშე განათლების საზოგადოების საპატიო წევრი (1910); ჟურნალ „ნაკადულისა“ და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი; თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორი (1906-1919); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი (1921) და ეკონომიური გეოგრაფიის  კათედრის გამგე (1923-1956).

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ეროვნული ბიბლიოთეკა, გიორგი გეხტმანის შთამომავლები და საქართველოს კულტურის აკადემია.