იოსებ ნონეშვილისადმი მიძღვნილი საღამო
 08/05/2025

ათ წელზე მეტია, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში 7 მაისს პოეზიის დღე აღინიშნება. 2025 წლის 7 მაისის საღამო განსაკუთრებული იყო, რადგან ორ საიუბილეო თარიღს აერთიანებდა - პოეზიის დღის დაარსებიდან 105 წელსა და სახალხო პოეტ იოსებ ნონეშვილის დაბადებიდან 105 წელს.

ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა გახსნა.

საღამო გაიხსნა თამარ ნონეშვილის კერამიკული ნამუშევრებისა და ხელკაზმების გამოფენით „ყვავილების მეჯლისი“. „ყავილების მეჯლისი“ თამარ ნონეშვილის პირველი პერსონალური გამოფენაა. თამარს იცნობენ როგორც ფრანგული ენის პედაგოგს, მთარგმნელს, ფრანკოფონს, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი გატაცების შესახებ - ჰობი, რომელიც ბოლო 5 წელია მეორე პროფესიად იქცა. ფერებსა და ფორმებში ასახული პოეზია სახალხო პოეტ იოსებ ნონეშვილის გახსენებით გაგრძელდა. „ყველა თაობის პოეტის“ ლექსები მართლაც ყველა თაობამ იცის. საღამოზე იოსებ ნონეშვილის ამღერებული ლექსები გაჟღერდა.

მოწვეულმა სტუმრებმა გაიხსენეს უკვე კარგად ცნობილი სიმღერები, შემსრულებლები და თვალი გადაავლეს სამშობლოსა და ადამიანებზე უზომოდ შეყვარებული პოეტის ცხოვრებას.