25 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 145 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკისა და ლიტერატურის მუზეუმის ერთობლივი გამოცემა „მიხეილ ჯავახიშვილის საქმე".
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.
„მიხეილ ჯავახიშვილი მხოლოდ პროზაიკოსი არ არის, ის არის სინდისის ხმა, ადამიანი, რომელიც მოღვაწეობდა მაშინ, როცა სიმართლის თქმა სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ხელნაწერები, გარდა იმისა, რომ არ იწვიან, ავტორის სულს წარმოაჩენენ. ჩვენი ახალი გამოცემა „მიხეილ ჯავახიშვილის საქმე" კი არა მხოლოდ მწერლის შესახებ ინფორმაციას, არამედ რეპრესიული მანქანის მთელ მექანიზმს გვაცნობს. თანამედროვე საზოგადოებისთვის ამ ისტორიის გახსენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„წიგნის გამოცემის მიზანი იყო მომავალი თაობებისთვის შეგვეხსენებინა, რომ დიდი ქართველების ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მადლობა ყველას და განსაკუთრებით ლიტერატურის მუზეუმსა და თეა თვალავაძეს გამოცემის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვს", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მასალები (ხელნაწერები, ფოტოები, დოკუმენტები) ეროვნული ბიბლიოთეკისა და ლიტერატურის მუზეუმის ფონდებიდან.