„გიგანტური წიგნების“ პირველი გამოცემა დაიბეჭდა
 29/09/2025

29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტ „გიგანტური წიგნების" ფარგლებში დაბეჭდილი პირველი გამოცემის (გაზეთი „ივერია", 1886 წელი) წარდგენა გაიმართა.

ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, პროექტის კოორდინატორმა, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ნოდარ დუგლაძემ.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

გამოცემა ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალი გაზეთ „ივერიის" 1886 წლის ნომრების კომპლექტია, რომელიც სრულადაა აღდგენილი, გაციფრებული და დაბეჭდილი ორიგინალის ზომითა და ფორმით.

პროექტი „გიგანტური წიგნები" გრძელდება და მის ფარგლებში იგეგმება XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული პერიოდული გამოცემების „გიგანტური" ასლების დაბეჭდვა.

პროექტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას.

გამოცემა უკვე გაიგზავნა ზუგდიდისა და ქუთაისის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში. „ივერიის" თითო ეგზემპლარი გადაეცა ქუთაისის, ხაშურის, ოზურგეთისა და თელავის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს.

„ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალმა „ივერიამ" 139 წლის შემდეგ ახალი სიცოცხლე შეიძინა. ღონისძიება რომელსაც მთავრობის, პარლამენტის, საზოგადოების, ასევე რეგიონული ბიბლიოთეკების წარმომადგენლები დაესწრნენ, ამ ახალი გამოცემის წარდგენას მიეძღვნა. მადლობას ვუხდი ფონდ „ქართუს" ამ დიდი და მეტად საჭირო პროექტის დაფინანსებისთვის. მადლობას ვუხდი პროექტში ჩართულ ყველა თანამშრომელს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ „გიგანტური წიგნის" გამოცემაში. ეს წიგნი არის არა მხოლოდ წარსულის გახსენება, არამედ ინსპირაცია მომავლისთვის", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.