დამოუკიდებლობის დარბაზის ექსპოზიცია
 28/05/2019

2018 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილეს მიეძღვნა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზი სრულად აღადგენს 1918-1921 წლებში განვითარებულ მოვლენებს. ეპოქას აცოცხლებს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა: ქართული ლეგიონის თამარ მეფის სამახსოვრო ნიშანი და სიგელი (ორიგინალები); საქართველოს 1918-1921 წლების კონსტიტუციის (ის 1921 წლის 21 თებერვალს ბათუმში გამოიცა) გამოცემის ერთადერთი ეგზემპლარი; საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონები; საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები; ქართული სიმბოლიკის (ჰიმნის ტექსტი, გერბი) ორიგინალები; დამოუკიდებლობის აქტის სამუშაო ვერსიები; 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების მიერ ხელახლა დამტკიცებული დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალი; 1918-1921 წლების საქართველოს მოქალაქის პასპორტი; დამფუძნებელ კრებაზე დასასწრები ბარათი; საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობა; 1903, 1918, 1919, 1921 წლებში გამოცემული საქართველოს რუკები, ხელნაწერები და საარქივო მასალები. ასევე გამოფენილია 1918-1921 წლების კულტურული ცხოვრების ამსახველი პანორამა.

დარბაზში წარმოდგენილია საბჭოთა ეპოქის ამსახველი ფოტომასალაც (კინოს, თეატრის, მუსიკის, სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოები). ექსპოზიცია დარბაზში დამონტაჟებულ სიმბოლურ წითელ გვირაბზეა განთავსებული.

ასევე წარმოდგენილია 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოები.

ამდენად, ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზი დამთვალიერებელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან (1918-1921) მის აღდგენამდე (1990-იან წლებამდე) პერიოდის შესახებ სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის. ექსპოზიცია მუდმივმოქმედია და მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს უფასოდ.